ვახტანგ ჭარაია - რისკების თვალსაზრისით, საქართველოში არც ისეთი კატასტროფული მდგომარეობაა, რომ 20-25% და კიდევ მეტი იყოს პენსიონერის მიერ აღებულ სესხზე საპროცენტო განაკვეთი
რისკების თვალსაზრისით, საქართველოში არც ისეთი კატასტროფული მდგომარეობაა, რომ 20-25% და კიდევ მეტი იყოს პენსიონერის მიერ აღებულ სესხზე საპროცენტო განაკვეთი, – ამის შესახებ გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის დეკანმა, ვახტანგ ჭარაიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „გადაწყვეტილება“ განაცხადა.
„როდესაც ბანკები იპოთეკურ, ავტო ან სამომხმარებლო სესხს გასცემენ, ხშირად მათ აქვთ არგუმენტი, რომ პროცენტი იმიტომ არის მაღალი, რისკებია მაღალიო. არადა, გაფუჭებული სესხების მაჩვენებელს რომ ჩავხედოთ, ძალიან ცოტა ვინმე აფუჭებს. განსაკუთრებით, პასუხისმგებლიანი დაკრედიტების შემოღების შემდგომ ძალიან ცოტაა ბანკში ვადაგადაცილებული სესხებიც და თუ ყველა ვადაზე ასრულებს, კარგად იხდის – და ფაქტია, სტატისტიკა ამას გვეუბნება – მაშინ ეს პროცენტები რატომ არის მაინც გაქცეული, ცოტა რთული დასაკავშირებელია კომერციული ბანკების პოზიციასთან“, – განაცხადა ჭარაიამ.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, შეიძლება თუ არა, ეს ყველაფერი უკავშირდებოდეს იმას, რომ ეროვნული ბანკის რეფინანსირების განაკვეთი მაღალია, ვახტანგ ჭარაიამ განაცხადა, რომ, რა თქმა უნდა, რეფინანსირების განაკვეთი მნიშვნელოვანი კომპონენტია სესხის გაცემისას, მაგრამ პენსიონერის სესხი რეფინანსირებაზე არ არის მიბმული და მიბმულიც რომ იყოს, 9%-დან 25%-მდე ძალიან დიდი მარჟაა.
ვახტანგ ჭარაიამ ასევე განაცხადა, რომ მაღალ პროცენტებს განაპირობებს საბანკო სექტორში კონკურენციის არქონა და მოქალაქეთა სოციალური მდგომარეობა.
„როდესაც ძლიერი კონკურენტი არ გყავს, შეგიძლია, აკეთო ის, რაც გაგივა. ბანკებს უნდა ჰყავდეთ ძლიერი კონკურენტები ან თუნდაც საბანკო სექტორში უნდა იყოს ძლიერი კონკურენცია, რასაც დღეს ძალიან სუსტად ვხედავთ. სულ რამდენიმე ბანკს აქვს მთელი ქვეყნის საფინანსო სექტორი გადანაწილებული და სწორედ ეს არის იმის განმაპირობებელი, რომ პროცენტი მაღალია. მეორე მხრივ, ასეთი რეალობის განმაპირობებელი ისიც არის, რომ, მიუხედავად სიდუხჭირისა, რომელიც შეიძლება პენსიონერს ჰქონდეს, მაინც იძულებულია, ეს სესხი აიღოს. ანუ, 25%-ის მაგივრად 35%-იც რომ იყოს, მაინც იძულებული იქნება, აიღოს“, – განაცხადა ჭარაიამ.
მისი თქმით, გამოსავალი უკვე ნაპოვნია და ეს მუშაობს კიდეც, რაც არის დაგროვებითი საპენსიო სისტემა, თუმცა ეს ძალიან შორეული პერსპექტივაა, დღეის მდგომარეობით კი, სამწუხაროდ, საქმე რთულადაა.
„უბრალოდ, ამას დრო სჭირდება. სიტყვაზე, ჩვენს თაობას მეტ-ნაკლებად პენსიაც ექნება გარანტირებული სახელმწიფოსგან, პლუს თავისი დაგროვილი თანხიდან მიიღებს დამატებით თანხას და იმედი ვიქონიოთ, სესხის აღება არ მოგვიწევს, როდესაც პენსიონერები ვიქნებით, მაგრამ ეს ძალიან შორეული პერსპექტივაა. დღეის მდგომარეობით კი, ჯერჯერობით, სამწუხაროდ, რთულად არის საქმე“, – განაცხადა ჭარაიამ.
ამასთან, ჭარაიამ აღნიშნა, რომ არსებულ ვითარებაში პოლიტიკური პარტიები ცდილობენ, პენსიონერთა გული პოპულისტური განცხადებებით მოიგონ, რაც ასევე უნდა იყოს განხილვის საგანი.
„ისინი პენსიონერებს ჰპირდებიან, მე თუ ამირჩევ, 1000-ლარიან პენსიას მოგცემო, რასაც ასევე ესაჭიროება განხილვა, რადგან საქართველოში ალბათ ყოველ ჯერზე პოპულისტური მოწოდებების ფონზე ირჩეოდა ახალი ხელისუფლება, რომელიც მერე ვერ ახერხებდა ამ დაპირებების სისრულეში მოყვანას, ვინაიდან ეს პოპულისტური განცხადება იყო, თავის დროზე ხალხის გულის მოსაგებად გაკეთებული“, – განაცხადა ჭარაიამ.
როგორც ვახტანგ ჭარაიამ აღნიშნა, ძირითადად, როდესაც პენსიონერი სესხს იღებს, ეს პროდუქტების შეძენას უკავშირდება, ბოლო პერიოდში კი სურსათის ფასები ძალიან დიდი ნახტომით არის გაზრდილი.
„ჯამურ ინფლაციას რომ თავი გავანებოთ, ქსელური სუპერმარკეტები, რომლებიც დღეს ბაზარზე არსებობენ, 3-ლარიან პროდუქტს, ჩვეულებრივად, 10 ლარად გვასაღებენ და, ფაქტობრივად, ვერც იყიდი იმაზე იაფად. იმიტომ, რომ იქ შესვლის ტარიფია, სხვადასხვა მექანიზმი და ინსტრუმენტი აქვთ, რომლითაც შენ ამ სუპერმარკეტში მიხვალ თუ იმ სუპერმარკეტში, ფიზიკურად ვერ იყიდი, პირობითად, 3-ლარიან ზეთს შვიდ ლარზე ნაკლებად. ეს სქემა მუშაობს და შეიძლება სუპერმარკეტებსაც ჰქონდეთ თავიანთი გამართლება, ამას რატომ აკეთებენ, მაგრამ ფაქტია, ეს ქსელური ობიექტები, რომლებიც თავიდან დაბალი ფასებით შემოვიდნენ და რომლებმაც კონკურენცია გაუწიეს რაღაც ბაზრობებს, ბოლო პერიოდში, როდესაც ძალაუფლება მოიპოვეს, ამ ძალაუფლებას თავიანთ სასარგებლოდ იყენებენ. როგორც აფთიაქებთან თუ ნავთობიმპორტიორებთან მიმართებაში იყო არაერთი კვლევა და კონკურენციის სააგენტომ გამოიკვლია, რომ ეს ხალხი დასაჯარიმებელი იყო და ა.შ. ვფიქრობ, ამ მიმართულებითაც უნდა დაიდოს ერთი კარგი კვლევა, კონკურენციის სააგენტოს თუ სხვის მიერ“, – განაცხადა ვახტანგ ჭარაიამ.