ვახტანგ ბუცხრიკიძე - საშეღავათო პერიოდთან დაკავშირებით სესხის გადავადებაზე ორი ტიპის შეთავაზება გვაქვს
საშეღავათო პერიოდთან დაკავშირებით „თიბისი ბანკი“ მომხმარებელს ამ პერიოდში გადასახდელ თანხაზე ორ ვარიანტს სთავაზობს. ამის შესახებ ბანკის გენერალურმა დირექტორმა, ვახტანგ ბუცხრიკიძემ განაცხადა.
მან კიდევ ერთხელ განმარტა, რას გულისხმობს „თიბისი ბანკის“ შეთავაზება სესხების გადავადებაზე და როგორ დაფარავენ შემდეგ მსესხებლები გადავადებულ კრედიტს.
„ჩვენ ვუკეთებთ ორივე შეთავაზებას ჩვენს კლიენტებს. ჩვენ საკმაოდ მნიშვნელოვანი განხილვა გვქონდა, სანამ ამის შესახებ განვაცხადებდით – სამი თვით ყველა ადამიანს ვაძლევთ შესაძლებლობას, რომ არ გადაიხადონ სესხის თანხა, მაგრამ თუ შეუძლიათ გადახდა, ამაზე შეზღუდვას არ ვაწესებთ. ამასთან, გადავადებაზე ორი ტიპის შეთავაზებას ვაკეთებთ. პირველი – მაგალითად მსესხებელს აქვს ყოველთვიურად 100 ლარი გადასახდელი. მას შეუძლია, რომ 100 ლარი ყოველთვიურად სამი თვის განმავლობაში არ გადაიხადოს. იმ შემთხვევაში, თუ აქვს მაგალითად 60 თვიანი სესხი, შეუძლია, აირჩიოს, რომ 60 თვის შემდეგ დაიმატოს ეს სამი თვე, ასეთ შემთხვევაში არამატერიალურად, მაგრამ ყოველთვიური გადასახდელი მეოთხე თვიდან დაემატება. მეორე, ალტერნატივა კი არის, რომ ყოველთვიური 100 ლარი ჰქონდეს მეოთხე თვიდან გადასახდელი, მაგრამ 60 თვის მერე შეიძლება, სამი თვის ნაცვლად, მაგალითად ოთხი ან ხუთი თვე ჰქონდეს 100 ლარი გადასახდელი.
აბსოლუტურ მოცულობაში თუ შევაჯამებთ, არითმეტიკულად, რა თქმა უნდა, მეტი იქნება გადასახდელი, მაგრამ ეს გამოწვეულია იმით, რომ სამი თვის განმავლობაში არ ვახდევინებთ“, – განაცხადა ვახტანგ ბუცხრიკიძემ.
„თიბისის ბანკი“ ყველა ფიზიკურ პირს, მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნეს მსესხებელს და ასევე ყველა ბიზნესს, რომელიც ტურისტულ, კვების და ისეთ ინდუსტრიაში საქმიანობს, რომელიც საზოგადოებრივი თავშეყრით ხასიათდება, სესხების შენატანზე სამთვიან საშეღავათო პერიოდს სთავაზობს.