მთავრობასთან შეთანხმებით მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ფიზიკურ პირებს, მიკრო ბიზნესის წარმომადგენლებს და ამავე დროს მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლებს, რომლებსაც გააჩნიათ საზოგადოებრივი შეკრების ადგილებთან დაკავშირებული ბიზნესები, სამ თვიანი საშეღავათო პერიოდი შევთავაზოთ, – ამის შესახებ „თიბისი ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა, ვახტანგ ბუცხრიკიძემ განაცხადა.
ამასთან, მისი თქმით, სურვილის შემთხვევაში, მოქალაქეს შესაძლებლობა აქვს, გადახდა განაგრძობს.
„გუშინ გვქონდა ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა, რომელსაც ვესწრებოდით სამი მსხვილი ბანკი, მთავრობა, რეგულატორი. გამომდინარე იქედან, რომ ქვეყანაში არის კორონავირუსის მსხვილი გამოწვევა ბოლო კვირების განმავლობაში, ამასთან დაკავშირებით ასე ვთქვათ, გადავდეთ ბიზნესი და ჩვენთვის, საბანკო სექტორისთვის მთავარი გამოწვევაა, მომზადებული შევხვდეთ ამას. ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება მთავრობასთან შეთანხმებით, რომ ფიზიკურ პირებს, მიკრო ბიზნესის წარმომადგენლებს და ამავე დროს მახვილი ბიზნესის წარმომადგენლებს, რომლებსაც გააჩნიათ ისეთი ბიზნესები, რომლებიც დაკავშირებულია საზოგადოებრივ შეკრების ადგილებთან, ყველას შევთავაზოთ სამ თვიანი საშეღავათო პერიოდი. ანუ ეს გულისხმობს, რომ როგორც პროცენტზე ასევე ძირზე ჩვენ ვთავაზობთ არ გადახდას. რა თქმა უნდა, ფიზიკურ პირებს, თუ კომპანიებს, რომლებსაც სურვილი ექნებათ, განაგრძონ გადახდები, ამის უფლება აქვთ. უბრალოდ ჩვენი შეთავაზებაა, რომ სამი თვის განმავლობაში, სანამ გამოწვევები არსებობს, ეს შეღავათი გავუკეთოთ მოქალაქეებს“, – ამის განაცხადა ბუცხრიკიძემ.
როგორც მან განმარტა, შეთავაზება ყველას ეხება და კონკრეტულ ინსტრუქციებზე მსესხებლებს ინფორმაცია ორშაბათიდან მიეწოდება.
„ეს ეხება ყველა ტიპის ფიზიკური პირის დაფინანსებას და მათ შორის განვადებებს. ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ რამეს ავუკრძალავთ, პირიქით, ჩვენთან ძალიან კარგად არის განვითარებული არა მარტო ფილიალებში, არამედ სხვადასხვა საშუალებით, მაგალითად მობაილ ბანკის, ინტერნეტ ბანკის, „თიბისი ფეის“ საშუალებებით შესაძლებელია გადახდების წარმოება. ვისაც სურვილი აქვთ, ისინი გააგრძელებენ გადახდებს. უბრალოდ ამ გამოწვევასთან დაკავშირებით, რაც დღეს საქართველოში არსებობს, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ჩვენი მხრიდან კეთილი ნება დავანახოთ, ადამიანებს შევუმციროთ აუცილებლობა და ფიზიკურად ფილიალებში არ მოვიდნენ. თუ გადახდის ალტერნატიული გზები გააჩნიათ, რა თქმა უნდა, შეუძლიათ, გადაიხადონ“, – განაცხადა „თიბისი ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა.
ამასთან, ვახტანგ ბუცხრიკიძე განმარტავს, რომ პროცენტები არ იცვლება და ბანკი მსესხებლების დაფინანსებას იგივე პროცენტებით განაგრძობს, რაც აქამდე აქვთ.
„რა თქმა უნდა, ეს პროცენტებს არ შეეხება, ჩვენ იგივე პროცენტებით გავაგრძელებთ მათ დაფინანსებას, რაც დღეს გააჩნიათ. რა თქმა უნდა, პროცენტებს არ შევიცვლით. ეს სამი თვის გადავადება ეხება როგორც პროცენტებს, ასევე ძირ თანხას, მაგალითად ფიზიკური პირი ყოველ თვე იხდიდა 100 ლარს, სამი თვის განმავლობაში მოუწევდა 300 ლარის გადახდა, ჩვენ ვთავაზობთ, რომ სამი თვის განმავლობაში შეუძლია, ეს 300 ლარი არ გადაიხადოს და შემდეგ გადავუნაწილოთ მომავალ პერიოდზე“, – განაცხადა „თიბისი ბანკის“ ხელმძღვანელმა.
ამასთან, ბუცხრიკიძე შექმნილი ვითარებიდან მოსალოდნელ ზარალზე ჯერ არ საუბრობს და აცხადებს, რომ ახლა მთავარია მდგომარეობიდან გამოსვლა.
„უნდა გამოვიდეთ არსებული მდგომარეობიდან. ჩვენ ამით ვაკეთებთ შეღავათს გადახდებზე, ხოლო რამხელა ზარალზე შეიძლება, იყოს საუბარი, ამაზე ალბათ მას შემდეგ უნდა ვისაუბროთ, როდესაც რეალურად მოხდება ამ კრიზისის გაანალიზება, ეკონომიკა რამდენ ხანში მოაგვარებს ამ კრიზის და შესაბამისად, დაითვლება ალბათ 3-6 თვის პერიოდში.
კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს ეხება მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს, ამავე დროს მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლებს, ვინც არიან სასტუმრო ბიზნესში, გასართობი ბიზნესი და რესტორნები, სამი თვის განმავლობაში ზუსტად იგივე შეთავაზება გვაქვს, მათ შეუძლიათ, სამი თვის განმავლობაში არ განახორციელონ გადახდები, მიუხედავად იმისა, ეს არის მცირე თუ მსხვილი ბიზნესი და დამატებით, ასევე ბიზნესის წარმომადგენლებს, თუ ეს არის დაკავშირებული დიდი შეკრების ადგილებთან, მათთან ინდივიდუალურად მოხდება შეთანხმება“, – განაცხადა „თიბისი ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა.
კითხვაზე, საშეღავათო სამ თვეში გადასახდელი თანხა მსესხებელს დარჩენილ ვადაზე გაუნაწილდება, თუ სესხის ხანგრძლივობა გაეზრდება, ბუცხრიკიძე ამბობს, რომ ამაზე ჯერ საბოლოო პასუხი არ აქვს.
„ალბათ ორივე ოფციაზე ვიფიქრებთ. უფრო ლოგიკური იქნება, რომ სამი თვე დავამატოთ, რომ არ შეიცვალოს გადახდა“, – განაცხადა მან.
„თიბისი ბანკი“ ყველა ფიზიკურ პირს, მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნეს მსესხებელს და ასევე ყველა ბიზნესს, რომელიც ტურისტულ, კვების და ისეთ ინდუსტრიაში საქმიანობს, რომელიც საზოგადოებრივი თავშეყრით ხასიათდება, სესხების შენატანზე სამთვიან საშეღავათო პერიოდს სთავაზობს.