ზუკა დავითაშვილმა საკუთარი პოტენციალი კარგად წარმოაჩინა, პირველი თამაშიდან გამომდინარე მისით ძალიან კმაყოფილი ვარ. კარგად ითამაშა როგორც შეტევაში, ისე დაცვაში, – ასე შეაფასა საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვლადიმირ ვაისმა ზუკა დავითაშვილის თამაში კორეასთან, რომელიც ფრედ 2:2 დასრულდა.
ყაზანის „რუბინის“ 18 წლის ქართველმა ლეგიონერმა სტამბოლის ბაშაკშეჰირის სტადიონზე საქართველოს ნაკრების ფორმით სადებიუტო შეხვედრა ჩაატარა.
მატჩის დასრულების შემდეგ საკუთარი დებიუტისა და განვლილი შეხვედრის შესახებ კომენტარი ზუკა დავითაშვილმა გააკეთა.
„კარგი თამაში ვაჩვენეთ, ბევრი მომენტი შევქმენით, მოგება შეგვეძლო და სამწუხაროა, რომ ფრედ ვითამაშეთ. ვფიქრობ, მომენტების გამოყენების შემთხვევაში, მატჩს სასურველი შედეგით დავასრულებდით. რაც შეეხება ჩემს დებიუტს, რა თქმა უნდა, მოხარული ვარ და მთავარ მწვრთნელს შანსისთვის მადლობას ვუხდი. მზადებას დანიის წინააღმდეგ გასამართი შეხვედრისთვის ვაგრძელებთ და სამი ქულისთვის ვიბრძოლებთ“, – ამბობს ზუკა დავითაშვილი.