რატომ აღარაა დავითაშვილი „რუბინის“ ძირითადში - მწვრთნელი მიზეზად კონკურენციას ასახელებს
რატომ აღარაა დავითაშვილი „რუბინის“ ძირითადში - მწვრთნელი მიზეზად კონკურენციას ასახელებს

ყაზანის „რუბინის“ მთავარმა მწვრთნელმა ლეონიდ სლუცკიმ მოსკოვის „ლოკომოტივთან“ წაგებული მატჩის (0:2) შემდეგ ძირითად შემადგენლობაში საქართველოს ნაკრების შემტევი ნახევარმცველის, ზუკა დავითაშვილის არყოფნაზე ილაპარაკა.

ზედიზედ ორი ტურია, 19 წლის ქართველი ლეგიონერი „რუბინის“ ძირითად შემადგენლობაში ვერ ხვდება და შეცვლაზე თამაშობს. რუსეთის პრემიერლიგის 24-ე ტურში მოსკოვის „ლოკომოტივთან“ დავითაშვილი მოედანზე 62-ე წუთზე გამოჩნდა. შეხვედრის შემდეგ „რუბინის“ მთავარ მწვრთნელს კითხვა სწორედ მასთან დაკავშირებით დაუსვეს.

„მე იმ ფეხბურთელებს ვათამაშებ, რომლებიც უკეთ მომზადებულები არიან, და ვარჯიშებზე უკეთ გამოიყურებიან. დავითაშვილზეც იგივეს ვიტყვი. ის ბოლო ორ თამაშს შეცვლიდან იმიტომ იწყებს, რომ გუნდში კონკურენციაა. ფლანგურ პოზიციებზე ოთხი მოთამაშე გვყავს. ბოლო მატჩში კვარაცხელიამ და ბაკაევმა გაიტანეს და კარგი ფეხბურთი აჩვენეს. ფეხბურთში ასეც ხდება – შესაძლოა, შეცვლაზე ითამაშო. ეს ჩვეულებრივი ამბავია,“ – ამბობს ლეონიდ სლუცკი.