დავითაშვილმა პენალტი ვერ გაიტანა - ის „როტორში“ მაინც საუკეთესოა
დავითაშვილმა პენალტი ვერ გაიტანა - ის „როტორში“ მაინც საუკეთესოა

საქართველოს ნაკრებისა და ვოლგოგრადის „როტორის“ ნახევარმცველმა, ზუკა დავითაშვილმა კოვიდ-19 დაამარცხა და მოედანს დაუბრუნდა, მაგრამ რუსეთის პრემიერლიგის მე-11 ტურის შეხვედრა „ტამბოვთან“ მისთვის უიღბლო გამოდგა.

45 წუთის განმავლობაში, ინიციატივას „როტორი“ ფლობდა და მრავალი საგოლე მომენტი შექმნა. ამაში მთავარი როლი საქართველოს ნაკრების 19 წლის შემტევმა და ბათუმის „დინამოს“ ყოფილმა თავდამსხმელმა, ჯოვინო ფლამარიონმა ითამაშეს. დავითაშვილი ვოლგოგრადელთა შემადგენლობაში სამკვირიანი პაუზისა და კორონავირუსის გადატანის შემდეგ დაბრუნდა და ერთ-ერთი ყველაზე აქტიური იყო, მაგრამ მეკარეს ვერაფერი მოუხერხა.

25-ე წუთზე დავითაშვილი ცენტრისკენ დაიძრა და საჯარიმო ხაზიდან შორეულ კუთხეში გაისროლა – ბურთი გამოცდილმა, 40 წლის მეკარემ, სერგეი რიჟიკოვმა თითისწვერებით მოიგერია და გუნდი აშკარა გოლისგან იხსნა, სამ წუთში კი ანგარიშის გახსნის რეალური შანსი მიეცა, როდესაც ვოლგოგრადელებმა თერთმეტმეტრიანი საჯარიმოს შესრულების უფლება მოიპოვეს. ბურთთან დავითაშვილი მივიდა და კუთხეში დაარტყა – რიჟიკოვმა მიმართულება გამოიცნო და ბურთი მოიგერია.

75-ე წუთზე 19 წლის ქართველმა მორიგი მომენტი შექმნა, ფლანგზე მცველს გაუსწორდა, საჯარიმოში შევარდა და შორეულ კუთხეში დაარტყა – ამჯერად ბურთი ძელმა მოიგერია, ერთ წუთში კი დავითაშვილი შეცვალეს და მის ნაცვლად მოედანზე ბექა მიქელთაძე შევიდა. პენალტის გამოუყენებლობის მიუხედავად, გამოცემა „ჩემპიონატმა“ ვოლგოგრადულ გუნდში ყველაზე მაღალი შეფასება მაინც დავითაშვილს დაუწერა – 6,5 ქულა.

ვოლგოგრადელთა სათადარიგოებში იყო ნიკა ყიფიანი, ხოლო სანაკრებო მატჩების შემდეგ დაბრუნებული საბა კვირკველია მწვრთნელმა დაასვენა. „ტამბოვის“ ძირითადში გურამ თეთრაშვილმა ითამაშა, ხოლო 77-ე წუთზე მოედანზე ვლადიმერ კობახიძეც გამოჩნდა, რომელმაც 90+2-ე წუთზე ფლამარიონთან უხეშობისთვის ყვითელი ბარათი მიიღო.

11 ტურის შემდეგ „როტორს“ ერთი მოგება არ აქვს, გუნდმა მხოლოდ სამი ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში ბოლო, მე-16 ადგილზეა.