ვაჟა გაფრინდაშვილის ე.წ. სასამართლო პროცესი სავარაუდოდ 13 დეკემბერს გაიმართება
ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის ე.წ. სასამართლო პროცესი, სავარაუდოდ, პარასკევს, 13 დეკემბერს გაიმართება. ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ხელმძღვანელმა, დავით ასათიანმა განუცხადა.
„ცხინვალის ე.წ. სასამართლოს პროგნოზირება ახლა აბსოლუტურად წარმოუდგენელია, რადგან მთელი საერთაშორისო სამართლიდან ამოვარდნილია და ყველა ეს პროცედურა უკანონოა, თუმცა ადვოკატი ჩვენთან კომუნიკაციაშია. როგორც ვიცით, ამ კვირაში სასამართლო პროცესია ჩანიშნული. სხდომა სავარაუდოდ კვირის ბოლოს, პარასკევს გაიმართება. ჩვენი მხრიდან მაქსიმალურს ვაკეთებთ, რომ ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი რაც შეიძლება მალე გათავისუფლდეს“ ,- აღნიშნა დავით ასათიანმა.
ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი უკვე ერთი თვეა, ცხინვალის იზოლატორში პატიმრობაში იმყოფება. ექიმი 9 ნოემბერს დააკავეს.
ოკუპანტები ვაჟა გაფრინდაშვილს ე.წ. საზღვრის კვეთაში სდებენ ბრალს, თუმცა გაფრინდაშვილი აცხადებს, რომ საქართველოს ტერიტორიაზე საზღვრებს არ აღიარებს და შესაბამისად, არც ბრალს აღიარებს. მას ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
ფოტო საქართველოს პირველი არხის ფოტო-კორესპოდენტმა, ქეთო სვანაძემ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის კაბინეტში დღეს გადაიღო.