ვაჟა გაფრინდაშვილი - სამწუხაროდ, დიდი ინფორმაცია არ მქონდა, ორჯერ თუ ერთხელ მქონდა საშუალება, მენახა ქართული არხი იქ
ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი თბილისში, საკუთარ სახლში უკვე მივიდა.
სახლთან ექიმს ახლობლები დახვდნენ და გათავისუფლება მოულოცეს.
მან მედიასთან მოკლე კომენტარი გააკეთა და მხარდაჭერისთვის ყველას მადლობა გადაუხადა.
„ჯანმრთელობის მდგომარეობა ნორმალურია. დიდი მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის. სამწუხაროდ, დიდი ინფორმაცია არ მქონდა, გზაში რაც მითხრა ახლა ჩემმა მეუღლემ, ორჯერ თუ ერთხელ მქონდა მხოლოდ საშუალება, მენახა ქართული არხი იქ. დიდი მადლობა ყველას, თქვენი თამადობით, ვინც მხარს მიჭერდა და გვერდში მედგა და მომცა საშუალება, რომ ეს თვენახევარი გამეძლო“,- მიმართა მან მედიის წარმომადგენლებს და აღნიშნა, რომ დღეს მეტს ვერაფერს იტყვის.
სხვა დეტალებზე ვაჟა გაფრინდაშვილს დღეს არ უსაუბრია. ოჯახის წევრების ინფორმაციით, უახლოეს პერიოდში მოაწყობენ პრესკონფერენციას და დეტალებზე შემდეგ ისაუბრებენ.
მედიის წარმომადგენლებს ასევე მადლობა გადაუხადა ვაჟა გაფრინდაშვილის მეუღლემ, თამილა ლაფანაშვილმა.
ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი, რომელიც თვეზე მეტი იმყოფებოდა საოკუპაციო რეჟიმის უკანონო პატიმრობაში, დღეს გაათავისუფლეს.