უზრა ზეია - აშშ არ უჭერს მხარს ერთ პოლიტიკურ პარტიას მეორის საწინააღმდეგოდ, თუმცა ჩვენი პარტნიორებისგან ველოდებით, რომ უზრუნველყონ ნამდვილი, კონკურენტუნარიანი პოლიტიკური პროცესი
ამერიკელებსა და ქართველებს განსაკუთრებული მეგობრობა აკავშირებთ, რომლის საფუძველიც არის ჩვენი საერთო სიყვარული თავისუფლებისადმი და დამოუკიდებლობისადმი, – ამის შესახებ საქართველოში ვიზიტით მყოფმა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, უზრა ზეიამ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, საქართველოში ვიზიტის ფარგლებში შეხვედრებზე აშშ-ის სამი მთავარი გზავნილის შესახებ ისაუბრა.
„აქ ვარ გადამწყვეტ მომენტში, განსაკუთრებით რთულ დროს საქართველოს დემოკრატიული გეზისთვის, საქართველოსა და აშშ-ის ურთიერთობების 32-ე წლისთავზე. ახლახან დავასრულე ჩემი შეხვედრა პრემიერ-მინისტრთან და მანამდე მქონდა დისკუსიები ორი დღის განმავლობაში პრეზიდენტთან, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარესთან, პარლამენტის წევრებთან, სამოქალაქო საზოგადოებასა და მედიასთან. მათ გადავეცი აშშ-ის სამი მთავარი გზავნილი: პირველი – აშშ უკიდურესად არის შეშფოთებული საქართველოს მთავრობის ანტიდემოკრატიული ქმედებებით და დეზინფორმაციით, რომელსაც ავრცელებს მმართველი ძალის ზოგიერთი წარმომადგენელი, რაც საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროატლანტიკურ გეზს, აზიანებს ჩვენს პარტნიორობას და ყველა ქართველის უფლებებს. ე.წ. უცხოური გავლენის კანონი ზიანს აყენებს ქართველ ხალხს, მათ შორის აქტიურ ორგანიზაციებს, რომლებიც მხარს უჭერენ ჯანდაცვას, სკოლებს, სოფლის მეურნეობას, მედიას და ბევრ სხვას. ამის შედეგად, ევროკავშირმა გაყინა საქართველოს მიერ რთულად მოპოვებული ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი, ის ახდენს ძალადობის და დაშინების ესკალაციას სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციის წინააღმდეგ, რაც ასევე საგანგაშოა. უფრო მეტიც, მმართველი პარტიის ლიდერების მიერ დეზინფორმაციის გავრცელება ერთგული და დიდი ხნის პარტნიორების, მათ შორის აშშ-ის შესახებ, მხოლოდ ჩვენი მეტოქეების ინტერესებს ემსახურება; ჩემი მეორე გზავნილი არის ის, რომ აშშ არის საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდამჭერი. ქართველებმა ძალიან კარგად იციან, რომ 16 წლის განმავლობაში რუსეთი აგრძელებს საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტის უკანონო ოკუპაციას და არ ასრულებს 2008 წლის შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებას. დღესვე მე შევხვდი მამაც ქართველ ქალებს, რომლებიც იძულებით გადაადგილებულ პირებად იქცნენ პუტინის აგრესიის გამო და მოვისმინე მათ ისტორიები, რომლებიც ასახავს ტანჯვას და მათ მედეგობას. აშშ-ის პოზიცია არ შეცვლილა და არ შეიცვლება. ჩვენ განვაგრძობთ ასობით ათასი იძულებით გადაადგილებული ქართველის ჰუმანიტარული საჭიროების მხარდაჭერას; ჩემი მესამე და ბოლო გზავნილი არის, რომ 32 წლის განმავალობაში აშშ იყო საქართველოს უდიდესი მხარდამჭერი. მათ შორის, ჩვენ ვუჭერთ მხარს ყველა ქართველის სამართლიანი და თავისუფალი არჩევანის უფლებას, მათ გამოხატვის, შეკრების თავისუფლებას და კანონის უზენაესობას“, – განაცხადა უზრა ზეიამ.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის თქმით, აშშ მხარს უჭერს ქართველი ხალხის უფლებას, აირჩიონ ხელისუფლებაში თავისი წარმომადგენლები თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებით.
„მინდა, ძალიან მკაფიოდ ვთქვა, აშშ არ უჭერს მხარს ერთ პოლიტიკურ პარტიას მეორის საწინააღმდეგოდ. თუმცა ჩვენ ველოდებით ჩვენი პარტნიორებისგან, რომ მათ უზრუნველყონ ნამდვილი, კონკურენტუნარიანი პოლიტიკური პროცესი. ეს ქართველი ხალხის გადასაწყვეტია და ჩვენ მხარს ვუჭერთ მათ უფლებას, აარჩიონ და აირჩიონ მათივე წარმომადგენლები თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებით, ძალადობის მუქარის ან დაშინების გარეშე. ძალადობის ან დაშინების ნებისმიერი ფაქტი უნდა იყოს დაგმობილი და გამოძიებული. ორგანიზატორები უნდა წარდგნენ მართლმსაჯულების წინაშე. დაბოლოს, ძლიერი და დაუბრკოლებელი ადგილობრივი და საერთაშორისო სადამკვირვებლო მისია არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად. საქართველოს აქვს ხანგრძლივი ტრადიცია გამოცდილი, სანდო ლოკალური საარჩევნო დამკვირვებლებისა, ვისაც შეუძლია დახმარება დემოკრატიული პროცესის სამართლიანობის უზრუნველყოფაში“, – განცხადა უზრა ზეიამ.
როგორც მან აღნიშნა, აშშ-ის ერთგულება ქართველი ხალხისადმი და მათი ევროატლანტიკური მისწრაფებისამდი აბსოლუტურად მტკიცეა.
„დასასრულ, მინდა, ხაზი გავუსვა, რომ ამერიკელებსა და ქართველებს განსაკუთრებული მეგობრობა აკავშირებთ, რომლის საფუძველიც არის ჩვენი საერთო სიყვარული თავისუფლებისადმი და დამოუკიდებლობისადმი. ძალიან ბევრი გაცვლითი პროგრამის საშუალებით ყოველწლიურად ასობით ქართველ სტუდენტსა და პროფესიონალს ეძლევა საშუალება, აშშ-ში გაემგზავროს სასწავლებლად. ჩვენ ხალხებს შორის კავშირები არის მჭიდრო და გაუტეხელი, რაც ჩემი თვალით ვიხილე ამ ვიზიტის დროს. ეს ორმხრივი კავშირები ახლა დგას განსაკუთრებული გამოწვევებით აღსავსე მომენტის წინაშე. აშშ-ის ერთგულება ქართველი ხალხისადმი და მათი ევროატლანტიკური მისწრაფებისამდი აბსოლუტურად მტკიცეა“, – განაცხადა უზრა ზეიამ.