უტრეხტში მომხდარი თავდასხმის შემდეგ, პოლიციამ სამი ეჭვმიტანილი დააკავა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
პოლიციის ვერსიით, თავდასხმა თურქეთში დაბადებულმა, 37 წლის გიუკმენ ტანისმა განახორციელა. სროლის შემდეგ ის ადგილიდან მიიმალა, რამდენიმე საათში კი პოლიციამ დააკავა. დანარჩენი ორი დაკავებულის ვინაობას პოლიცია ამ დრომდე არ ასახელებს.
სამართალდამცველებისთვის ჯერჯერობით უცნობია, რა იყო თავდასხმის მოტივი – ტერორიზმი თუ პირადი შურისძიება. თავდამსხმელის ნათესავები არ გამორიცხავენ, რომ შესაძლოა, თავდასხმის მიზეზი ოჯახური უთანხმოება ყოფილიყო.
ნიდერლანდების ქალაქ უტრეხტში, 24 ოქტომბრის მოედანზე შეიარაღებულმა პირმა ტრამვაიში ცეცხლი ადგილობრივი დროით 10:45 საათზე გახსნა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
პოლიციის მიერ გავრცელებული ბოლო, დაზუსტებული მონაცემებით, მომხდარის შედეგად დაღუპულია სამი და დაშავებულია ხუთი ადამიანი.