უსინათლო, ყრუ, სმენადაქვეითებული ან წერა-კითხვის არმცოდნე პირების მონაწილეობით გარიგების დადებასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებები იგეგმება
უსინათლო, ყრუ, სმენადაქვეითებული ან წერა-კითხვის არმცოდნე პირების მონაწილეობით გარიგების დადებასთან დაკავშირებით ახალი საკანონმდებლო რეგულაციები განისაზღვრება.
შესაბამისი ცვლილებები „სამოქალაქო კოდექსში“ შედის, რომლის ინიციატორები დეპუტატები: რატი იონათამიშვილი, სოფო კილაძე, ანრი ოხანაშვილი, დავით მათიკაშვილი, დაჩი ბერაია და ცოტნე ზურაბიანი არიან.
ინიციატორები განმარტავენ, რომ მოქმედი კანონმდებლობით, უსინათლო, ყრუ, მუნჯი, ან წერა-კითხვის არმცოდნე პირის მონაწილეობით გარიგების დადებასთან დაკავშირებით რეგულაციები საკმარისი არ არის, მხოლოდ ურთიერთობათა მცირე სფეროს მოიცავს და არ რეგულირდება ნოტარიუსის და საჯარო რეესტრის მიღმა გარიგების დადების საფუძვლები.
რაც შეეხება ცვლილებების არსს, კანონპროექტით დგინდება, რომ წერა-კითხვის მცოდნე უსინათლო პირი გარიგებას ხელს ან პირადად მოაწერს, ან მექანიკური ხელმოწერის საშუალებით, რაც ავტორების განმარტებით, სიახლეს წარმოადგენს. ასევე, პროექტით განისაზღვრება, რომ წერა-კითხვის მცოდნე ყრუმ, ან სმენადაქვეითებულმა გარიგების ტექსტი თავად უნდა წაიკითხოს და მკაფიოდ განაცხადოს, რომ თავად წაიკითხა, მის ნებას შეესაბამება და იწონებს მას, რასაც დაადასტურებს ხელმოწერით. ზემოთ აღნიშნულის გარდა, ცვლილებებით კონკრეტდება, რომ წერა-კითხვის არმცოდნე უსინათლო, ყრუ ან სმენადაქვეითებული პირის მიერ გარიგება უნდა დაიდოს მოწმისა და თარჯიმნის თანდასწრებით.
საკანონმდებლო ინიციატივა ასევე განმარტავს, თუ რა იგულისხმება წერა-კითხვის მცოდნე პირში. კერძოდ, ასეთად ჩაითვლება პირი, რომელსაც დამოუკიდებლად შეუძლია ინფორმაციის მიღება და გაცემა უშუალოდ გარიგების ტექსტიდან ან რომელიმე დამხმარე (ბრაილის ან სხვა სპეციალური შრიფტი, მეტყველების სინთეზატორი და სხვა) საშუალებით. სხვა შემთხვევაში, პირი ჩაითვლება წერა-კითხვის არმცოდნედ.
კანონპროეექტის ინიცირება ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მოხდება.