საქართველოს ბიზნეს ასოციაცია სამშენებლო სექტორში საკანონმდელო ცვლილებების მომზადებაზე მუშაობას იწყებს
საქართველოს ბიზნეს ასოციაცია სამშენებლო სექტორში საკანონმდელო ცვლილებების მომზადებაზე მუშაობას იწყებს

საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ მშენებლობისა და ინფრასტრუქტურის კომიტეტის სხდომა დისტანციურ რეჟიმში გამართა. შეხვედრაში ასოციაციის ის წევრი კომპანიები მონაწილეობდნენ, რომლებიც სამშენებლო სექტორსა და უძრავი ქონების ბაზარზე ოპერირებენ.

ასოციაციის ინფორმაციით, შეხვედრის მონაწილეებმა იმ პრობლემებზე ისაუბრეს, რომელიც მშენებლებსა და დეველოპერებს ბოლო წლებია, აწუხებთ და რომელთა გადაწყვეტაც პოზიტიურად აისახება სექტორის განვითარებაზე. გადაწყდა, რომ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ფარგლებში შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც განახორციელებს არსებული კანონდებლობისა და რეგულაციების დეტალურ სკრინინგს, გამოიკვეთება მოძველებული ნორმები, რომლებიც ხელს უშლის სექტორის შემდგომ განვითარებას და მომზადდება ცვლილებების პაკეტი, რომლიც საქართველოს ბიზნეს ასოციაციის სახელით წარედგინება ქვეყნის აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებს.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ არსებული რეგულაციების გადახედვამ და გარკვეული ბიუროკრატიული ბარიერების მოხსნამ შედეგად შეიძლება, მოიტანოს სამშენებლო სექტორის, როგორც ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი დამსაქმებლისა და საბიუჯეტო გადასახადების გადამხდელის მნიშვნელოვანი ზრდა, რამაც თავის მხრივ, ხელი უნდა შეუწყოს ეკონომიკური ზრდის პანდემიამდელ მაჩვენებლებზე დროული დაბრუნება.

შეხვედრის ფარგლებში საუბარი ასევე შეეხო სექტორის მხარდასაჭერად საქართველოს მთავრობის მიერ შეთავაზებული პროგრამას, რომელიც ცალსახად დადებითად შეფასდა, როგორც დეველოპერების, ასევე მშენებლების მხრიდან.

„მიგვაჩნია, რომ სამშენებლო კუთხით არსებული სახელმწიფო რეგულაციები საჭიროებს ძირეულ გადახედვას, ვინაიდან დღეს არსებული მდგომარეობით ბევრი ნორმა საკმაოდ მოძველებულია და აფერხებს სექტორის განვითარებას. გარდა რეგულაციებისა, მშენებლებისთვის მნიშვნელოვანია გაცვლითი კურსის სტაბილურობა, რადგანაც კურსის ცვალებადობა ნეგატიურად აისახება და საფრთხეს უქმნის, როგორც ინფრასტრუქტურულ, ასევე სხვა სამშენებლო პროექტებს. ჩვენ დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, დეტალურად შევისწავლოთ მოქმედი რეგულაციები და სექტორში მომუშავე კომპანიების ინტერესების ადვოკატირების გზით, მივაღწიოთ ამ ცვლილებების კანონდებლობაში დროულ ასახვას“ – განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, ლევან ვეფხვაძემ.

დატოვე კომენტარი