USAID საქართველოში ახალ პროექტს „ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამა“ განახორციელებს
საქართველოში აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მისიის ხელმძღვანელმა პიტერ ვიბლერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილესთან, გენადი არველაძესთან, კერძო სექტორის და მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად სააგენტოს ახალი პროექტი „ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამა“ გახსნა.
პროგრამის მიზანია გააუმჯობესოს საქართველოს მოსახლეობის შემოსავლები ინვესტიციების მოზიდვით, სამუშაო ადგილების შექმნით და ეკონომიკურ ღირებულებათა ჯაჭვში მათი ჩართვით.
როგორც ღონისძიებაზე გახდა ცნობილი, USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის განხორციელება სტრატეგიული პარტნიორობით და კერძო სექტორს, მთავრობას და სამოქალაქო საზოგადოებას შორის კავშირების გაძლიერებით მოხდება. პროგრამა გამოიყენებს სხვადასხვა მექანიზმებს შერჩეულ ეკონომიკურ სექტორებში ინვესტიციების მოსაზიდად და სამუშაო ადგილების შესაქმნელად, მათ შორის გამოიყოფა გრანტები და კერძო სექტორის ჩართულობის გასაზრდელად მოხდება მიზნობრივი საპარტნიორო პროგრამის ამოქმედება.