ცესკო-ში USAID-ის მისიის დირექტორთან და აშშ-ის საელჩოს მრჩეველთან შეხვედრა გაიმართა
ცესკო-ში USAID-ის მისიის დირექტორთან და აშშ-ის საელჩოს მრჩეველთან შეხვედრა გაიმართა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი და მოადგილე გიორგი შარაბიძე აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მისიის დირექტორს ჯონ პენელს და აშშ-ის საელჩოს მრჩეველს მარკ ნორდბერგს შეხვდნენ.

ცესკო-ს ინფორმაციით, შეხვედრა დღეს ცესკო-ში გაიმართა და მხარეებმა საარჩევნო ადმინისტრაციის 2023 წლის საქმიანობა და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

მათივე ცნობით, შეხვედრის მთავარი თემა 2024 წლის პარლამენტის არჩევნებისთვის მზადება და არჩევნებში ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვის საკითხები იყო.

გიორგი კალანდარიშვილმა ისაუბრა 2023 წელს არჩევნების მოდერნიზების მიმართულებით გაწეული საქმიანობის, მათ შორის USAID-თან თანამშრომლობით განხორციელებული პროექტების შესახებ.

მან აღნიშნა, რომ ერთობლივი პროექტები და USAID-თან თანამშრომლობა, მათი მხარდაჭერა განსაკუთრებული მნიშვნელობისაა.

საარჩევნო ადმინისტრაციის მიმდინარე საქმიანობასთან ერთად შეხვედრაზე განიხილეს 2024 წლის არჩევნების ჭრილში, ამომრჩეველთა ინფორმირების საკითხები, არსებული გამოწვევები და საჭიროებები.

შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ამერიკის შეერთებულ შტატებში ცესკო-ს დელეგაციის წარმატებული ვიზიტისა და შედეგების შესახებ. შეხვედრის დასასრულს მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის გეგმები და ის მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს, რომელიც 2024 არჩევნების წარმატებით, მაღალ პროფესიულ დონეზე ადმინისტრირებას უკავშირდება.