ჯონ პენელი - USAID მოწოდებულია, ითანამშრომლოს საქართველოს მთავრობასთან და კერძო სექტორთან, ვეძებთ შესაძლებლობებს, რომლებიც ყველაზე მეტ სარგებელს მოუტანს ქვეყანას
USAID მოწოდებულია, ითანამშრომლოს საქართველოს კერძო სექტორთან და საქართველოს მთავრობასთან, რათა ხელი შეუწყოს ინკლუზიურ ზრდას და მაღალი ღირებულების დასაქმებას. ჩვენ ვეძებთ შესაძლებლობებს, რომლებიც ყველაზე მეტ სარგებელს მოუტანს საქართველოს, – ამის შესახებ USAID-ის საქართველოს მისიის დირექტორმა, ჯონ პენელმა სასტუმრო „შერატონ გრანდ მეტეხი პალასი თბილისში“განაცხადა, სადაც ფორუმი სახელწოდებით „დიაგონალური კუმულაცია საქართველოს, თურქეთსა და ევროკავშირს შორის – სავაჭრო და საინვესტიციო შესაძლებლობები“ იმართება.
როგორც USAID-ის წარმომადგენელმა აღნიშნა, დღევანდელი ფორუმი შექმნის ძლიერ საფუძველს, რათა გაიზარდოს პირდაპირ უცხოური ინვესტიციები და მოხდეს ვაჭრობის ხელშეწყობა.
„ძალიან მოხარული ვარ აქ ყოფნით. USAID მოწოდებულია, ითანამშრომლოს საქართველოს კერძო სექტორთან და საქართველოს მთავრობასთან, რათა ხელი შეუწყოს ინკლუზიურ ზრდას და მაღალი ღირებულების დასაქმებას. ჩვენ ვეძებთ შესაძლებლობებს, რომლებიც ყველაზე მეტ სარგებელს მოუტანს საქართველოს. ხშირად მსგავსი შესაძლებლობების პოვნა შესაძლებელია ისეთ მეზობელ ქვეყნებში, როგორიც არის თურქეთი. ჩვენ არ შემოვიფარგლებით მხოლოდ ამერიკულ კომპანიებთან მუშაობით, არამედ ვმუშაობთ სხვა პარტნიორებთანაც. ეს არის შესაძლებლობა, რომლის გამოც USAID ძალიან მოხარულია. ის დაეხმარება, რომ საქართველოს კერძო სექტორმა მოახდინოს იმ სარგებლის კაპიტალიზება, რომელსაც სთავაზობს თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულება ევროკავშირთან. ეს შესაძლებლობას მისცემს საქართველოს, გამოიყენოს თურქული იმპორტი, რათა აწარმოოს მზა პროდუქტები ევროკავშირში ექსორტისთვის. ეს შექმნის სამუშაო ადგილებს ქართველებისთვის, ასევე გაზრდის ისეთი სექტორების კონკურენტუნარიანობას, როგორიც არის ავეჯის, სამშენებლო მასალების, შეფუთვის, პლასტიკატის პროდუქტების და ტექსტილის წარმოება. USAID-ის, საქართველოს მთავრობისა და ასევე ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მიერ მხარდაჭერილი ეს ფორუმი შექმნის ძლიერ საფუძველს, რათა გაიზარდოს პირდაპირ უცხოური ინვესტიციები და მოხდეს ვაჭრობის ხელშეწყობა“, – განაცხადა ჯონ პენელმა.