2019-2020 წლებში მანდატურის სამსახური დამატებით 260 სკოლაში იმუშავებს
2019 წლის სექტემბრამდე სკოლების უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი ყველა პირი მეტალო-დეტექტორებით აღიჭურვება. ამის შესახებ დღეს გამართულ პრეზენტაციაზე აღინიშნა, რომელიც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში განათლების რეფორმის ფარგლებში მიმდინარეობს. დისკუსიის თემა „უსაფრთხო სკოლის“ პროექტია.
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, სკოლებში თვისებრივად ახალი ტიპის მანდატურის სამსახური, ზრუნვასა და პრევენციაზე ორიენტირებული ინსტიტუტი ყალიბდება. ძლიერდება მანდატურის სამსახურში არსებული ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრები.
ასევე, შემუშავდა „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის წესი და პირობები“ – პირველი დოკუმენტი, რომელიც არეგულირებს მანდატურის სამსახურს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, სოციალური მომსახურების სააგენტოსა და საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის კოორდინირებული თანამშრომლობის მექანიზმებს. უსაფრთხოების წესის თანახმად, თითოეულ სკოლაში შეიქმნება მრჩეველთა საბჭო, რომელსაც საკონსულტაციო და მაკონტროლებელი ფუნქცია ექნება. კრიზისულ სიტუაციებზე დროული და ეფექტური რეაგირების მიზნით კი, შეიქმნა კრიზისული ინტერვენციის ჯგუფი, რომელიც გადაუდებელი შემთხვევის დროს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, ადგილზე ეცნობა არსებულ სიტუაციას და საჭირო ღონისძიებებს ატარებს. სამინისტროში მიაჩნიათ, რომ ასეთი მიდგომა მნიშვნელოვნად შეამცირებს ბავშვებსა და მოზარდებში გრძელვადიანი ფსიქოლოგიური ტრავმის ჩამოყალიბებას.
როგორც პრეზენტაციაზე აღინიშნა, ამ ეტაპზე, მიმდინარეობს მუშაობა ელექტრონული პროგრამის შესაქმნელად, რომელიც უზრუნველყოფს მშობლის, სკოლის ადმინისტრაციის, მანდატურისა და განათლების სამინისტროს წარმომადგენლების მაღალ ჩართულობას სასკოლო პროცესში. პროგრამა მათ შესაძლებლობას მისცემს, მოსწავლის შესახებ ელექტრონულ რეჟიმში მიიღონ ინფორმაცია.
ასევე, სამცხე-ჯავახეთსა და სამეგრელოში ახალი ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრების გაიხსნება. ქვეყნის მასშტაბით დღეს რვა ფსიქოლოგიური ცენტრი მუშაობს: თბილისში – ორი, რუსთავში, თელავში, გორში, ფოთში, ქუთაისსა და ბათუმში. ასევე, შეიქმნება მანდატურის სამსახურის რვა რეგიონული ცენტრი.
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, 2019-2020 წლებში მანდატურის სამსახური წარმოდგენილი იქნება დამატებით 260 საჯარო სკოლაში. შედეგად, მანდატური საჯარო სკოლების მოსწავლეთა 85 პროცენტს მოემსახურება. მანდატურთა მოტივაციის გაზრდის მიზნით კი, მათი ანაზღაურება მიმდინარე წლის პირველი იანვრიდან 200 ლარით გაიზარდა.
პროექტის თანახმად, 2021 წლის ბოლომდე პოლიციის აკადემიაში გადამზადდება 1300 მოქმედი მანდატური, რომელსაც არ გაუვლია შინაგან საქმეთა სამინისტროსთან თანამშრომლობის საფუძველზე შექმნილი ახალი სასწავლო მოდული. გაგრძელდება საჯარო სკოლების უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირების გადამზადება, სადაც არ არის წარმოდგენილი საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატური. 2019 წლის სექტემბრამდე უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი ყველა პირი სრულად მეტალო-დეტექტორებით აღიჭურვება.
ძალადობის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებასა და ინფორმირების მიზნით კი, სატესტო რეჟიმში ფუნქციონირებს ინტერნეტ-პორტალი www.befriend.mes.gov.ge, რომელიც წლის განმავლობაში მოდიფიცირება. პორტალზე ფსიქოლოგის კონსულტაცია როგორც ონლაინ რეჟიმში, ასევე, მობილური აპლიკაციის მეშვეობით იქნება შესაძლებელი.
ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებისა და პოპულარიზაციის მიზნით, მანდატურებისა და სკოლის მოსწავლეების ჩართულობით, ქვეყნის მასშტაბით არაერთი სპორტული ღონისძიება გაიმართება, სხვადასხვა უწყებასთან ერთად, დაიგეგმება ღონისძიებები და კამპანიები, მათ შორის, ყოველწლიურად ჩატარდება უსაფრთხო სკოლის კვირეული.