ურსულა ფონ დერ ლაიენი - რუსეთის მხრიდან მეზობლების წინააღმდეგ ყოველგვარი აგრესიის შეწყვეტა გვსურს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ევროკავშირი სანქციების გაძლიერებას შეეცდება
რუსეთი მეზობლების მიმართ მუქარის პოზიციას იკავებს და ეს ძირს უთხრის ევროპის უსაფრთხოებას, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა გერმანიის კანცლერთან, ოლაფ შოლცთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ევროკავშირის მაღალჩინოსნის თქმით, ბრიუსელს რუსეთთან კარგი ურთიერთობა სურს, მაგრამ ეს პირველ რიგში, დამოკიდებულია, როგორ იქცევა თავად რუსეთი.
ევროკომისიის პრეზიდენტის თქმით, ევროკავშირს სურს, რომ რუსეთმა განმუხტოს დაძაბულობა, რომელიც შექმნა უკრაინის საზღვარზე ჯარების მობილიზებით. ევროკავშირი მზად, არის გააძლიეროს სანქციები რუსეთის წინააღმდეგ, თუ ის უკრაინაში შეიჭრება.
„ჩვენ გვინდა დეესკალაცია და რუსეთის მხრიდან მეზობლების წინააღმდეგ ყოველგვარი აგრესიის შეწყვეტა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ევროკავშირი შეეცდება, გააძლიეროს სანქციები და მიიღოს სხვა ზომები ეკონომიკურ და ფინანსურ სექტორში, ჩვენს პარტნიორებთან შეთანხმებით“, – აღნიშნა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.