ურსულა ფონ დერ ლაიენი - კვიპროსსა და ღაზას შორის საზღვაო ჰუმანიტარული დახმარების დერეფანი, სავარაუდოდ, ამ კვირაში დაიწყებს მუშაობას
ურსულა ფონ დერ ლაიენი - კვიპროსსა და ღაზას შორის საზღვაო ჰუმანიტარული დახმარების დერეფანი, სავარაუდოდ, ამ კვირაში დაიწყებს მუშაობას

კვიპროსსა და ღაზას შორის საზღვაო ჰუმანიტარული დახმარების დერეფანი, სავარაუდოდ, ამ კვირაში დაიწყებს მუშაობას, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა კვიპროსის პრეზიდენტთან, ნიკოს ქრისტოდოულიდესთან შეხვედრის დროს განაცხადა.

ევროკავშირის აღმასრულებელი ორგანოს ხელმძღვანელის თქმით, საზღვაო დერეფანს ევროკავშირი, აშშ და არაბთა გაერთიანებული საამიროები აამოქმედებენ და პირველი საპილოტე ოპერაცია დღეს დაიწყება.

თავის მხრივ, კვიპროსის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ კვიპროსის საზღვაო დერეფანი მიზნად ისახავს დახმარების გაზრდას სხვა მარშრუტების შევსებით, რომლებიც მოიცავს რაფაჰის უმნიშვნელოვანეს პუნქტს ეგვიპტიდან და საჰაერო ხომალდებს იორდანიიდან.

„ასევე ნათელია, რომ ჩვენ ვართ იმ წერტილში, სადაც, უბრალოდ, უნდა განვბლოკოთ ყველა შესაძლო მარშრუტი“, – განაცხადა ნიკოს ქრისტოდოულიდესმა.

პარალელურად, ბრიტანეთმა განაცხადა, რომ იმუშავებს შეერთებულ შტატებთან საზღვაო დერეფნის გასახსნელად, რათა დახმარება უშუალოდ ღაზას მიაწოდოს.