ურსულა ფონ დერ ლაიენი - ჩვენი ისტორიის განმავლობაში პირველად, ქვეყანას თავს დაესხნენ იმის გამო, რომ სურს ევროპული ოჯახის წევრობა
ჩვენი ისტორიის განმავლობაში პირველად, ქვეყანას თავს დაესხნენ იმის გამო, რომ მას სურს ევროპული ოჯახის წევრობა. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ბრატისლავაში, გლობალური უსაფრთხოების ფორუმზე განაცხადა.
ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, უკრაინაში მიმდინარე ომი გადამწყვეტი მომენტია ევროპისთვის, ხოლო ეს ომი ერთიანი და თავისუფალი ევროპის წინააღმდეგაა მიმართული.
„ეს არის უკრაინის სუვერენული გადაწყვეტილება და მისი ხალხის მკაფიოდ გამოხატული ნება, მიიღოს ევროკავშირის ღირებულებები. ამით ისინი ასევე იბრძვიან ჩვენი თავისუფლებისა და ჩვენი ღირებულებებისთვის“, -აღნიშნა ფონ დერ ლაიენმა.
ევროკომისიის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ პუტინი ცდილობს იმ მშვიდობის განადგურებას, რომელიც მეორე მსოფლიო ომის და „რკინის ფარდის“ ჩამოშლის შემდეგ დადგა მსოფლიოში.
„გლობალური უსაფრთხოების ფორუმზე თქვენ განიხილავდით ომის გამომწვევ მიზეზს. ასე რომ, ნება მომეცით, მკაფიოდ განვაცხადო, ეს არაპროვოცირებული და გაუმართლებელი ომი რუსეთმა დაიწყო. იგი უმიზეზოდ შეიჭრა უკრაინაში, რათა წაეშალა ქვეყანა რუკიდან. რუსეთი კი უარს ამბობს უკრაინის დამოუკიდებელ ქვეყნად მიღებაზე, მაგრამ უკრაინის ნებამ, იბრძოლოს და იყოს თავისუფალი, გააოცა მსოფლიო“, – აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.