კომპანია 21st Century Fox-ს 52,4 მილიარდ დოლარად „უოლტ დისნეი“ შეიძენს
Walt Disney მედიამაგნატ რუპერტ მერდოკის კომპანია 21st Century Fox-ს 52,4 მილიარდ დოლარად შეიძენს.
როგორც BBC იტყობინება, კონტრაქტის პირობების მიხედვით, Disney ასევე მიიღებს Fox-ის კუთვნილ აქტივებს – კერძოდ, თანამგზავრული ტელეკომპანია Sky-ს 39%-ს, კინოსტუდიას 20th Century Fox-ს, ასევე National Geographic-ის არხს.
გარდა ამისა, Disney-ს გადაეცემა უფლებები ცნობილ ფრანშიზებზე, მათ შორისაა „იქს-ადამიანები“, „ავატარი“, „სიმპსონები“.
Fox დაიტოვებს მხოლოდ საინფორმაციო და სპორტულ არხებს, რომელთა საფუძველზე ახალი კომპანია შეიქმნება.
BBC-ის ცნობით, აშშ-ის ანტიმონოპოლიური სამსახურები სწავლობენ, შეესაბამება თუ არა აღნიშნული გარიგება მედიის პლურალიზმის წესებს.
შესყიდვის პროცესი 2018 წლის 30 ივნისამდე უნდა დასრულდეს. სწორედ ამ პერიოდისთვის Sky მთლიანად დაექვემდებარება Disney-ს კონტროლს.
ამგვარად, 86 წლის მედიამაგნატი რუპერტ მერდოკი აქტივების შეძენიდან მათ გაყიდვაზე გადადის.
როგორც BBC იუწყება, ეს მოულოდნელი ნაბიჯი იყო, რადგან ვარაუდობდნენ, რომ ბიზნესმენი თავის აქტივებს მთლიანად შვილებს – ჯეიმსსა და ლაკლანს გადასცემდა.
21 წლის ასაკში რუპერტ მერდოკმა მამისგან მემკვიდრეობით ავსტრალიური გაზეთი მიიღო და მის საფუძველზე მსოფლიოში უმსხვილესი მედიაიმპერია შექმნა.