ტელეკომპანია „ფორმულას“ მიერ სამსახურიდან გათავისუფლებული ოპერატორები აქციას მართავენ
ტელეკომპანია „ფორმულას“ მიერ სამსახურიდან გათავისუფლებული ოპერატორები აქციას მართავენ

ტელეკომპანია „ფორმულას“ მიერ სამსახურიდან გათავისუფლებული 26 ოპერატორი ტელევიზიის ეზოში აქციას მართავს.

აქციაზე ოპერატორებმა საერთო განცხადება გაავრცელეს და ხელმძღვანელობას მათთან დიალოგის დაწყებისკენ მოუწოდეს.

„ხელფასის მომატების მოთხოვნის გაჟღერებისთანავე ჩვენი მოქმედებები იყო კონსტრუქციული და მოლაპარაკებებზე ორიენტირებული. ამას ადასტურებს ისიც, რომ ამ დრომდე ვცდილობდით, პროცესი დარჩენილიყო ორგანიზაციის შიგნით და არ გამოგვეტანა საჯაროდ, რათა დაგვეტოვებინა კომპანიასთან შეთანხმების სივრცე, ხოლო კრიტიკული მედიისთვის, რომლის არსებობა ჩვენს ქვეყანაში მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, არ მიგვეყენებინა რეპუტაციული ზიანი. სამწუხაროდ, ტელეკომპანია ღია არ აღმოჩნდა ჩვენი მოთხოვნების განხილვისთვის და მენეჯმენტმა პირველივე კომუნიკაციაში ამ თემაზე შეურაცხყოფა მოგვაყენა. მენეჯმენტმა სრულად უარყო ჩვენი მოთხოვნების შესრულების შესაძლებლობა და მალევე, როგორც კი ეს პროცესი საჯარო გახდა, დაიწყო „გარე ძალების“ ჩართულობაზე საუბარი, რაც ჩვენთვის უკიდურესად შეურაცხმყოფელი და ღირსების შემლახველია.

ჩვენი პროფესიის პატივისცემისა და ქვეყანაში კრიტიკული მედიის მნიშვნელობის გათვალისწინებით, ჩვენ მზად ვართ, წარმოშობილი სიტუაცია კვლავ მოლაპარაკებების რეჟიმში დავაბრუნოთ, თუ ეს კომუნიკაცია და დიალოგი ჩვენი ღირსების პატივისცემით წარიმართება და შრომითი, სოციალური საკითხების საქმიან და სამართლიან გარემოში განხილვის შესაძლებლობას მოგვცემს“, – აღნიშნულია ოპერატორების განცხადებაში.

სოლიდარობის ნიშნად, ოპერატორებს აქციაზე შეუერთდნენ კოლეგები სხვადასხვა ტელეკომპანიიდან.

ტელეკომპანია „ფორმულამ“ ოპერატორების გათავისუფლებასთან დაკავშირებით დღეს განცხადებაც გაავრცელა. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, „ოპერატორებმა სამი დღის განმავლობაში უხეშად დაარღვიეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები, მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენეს ტელეკომპანიას, რასაც შესაბამისად მოჰყვა გაფრთხილებები და შემდგომ კონტრაქტის შეწყვეტა“.