„უოლ სტრიტ ჯორნალი“ - აშშ-ის ოფიციალური პირების თქმით, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობა რუსეთის მიერ იყო მართული
უოლ სტრიტ აშშ-ის ოფიციალური პირების თქმით, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობა რუსეთის მიერ იყო მართული. ამ სათაურით სტატიას „ვოლ სტრიტ ჯორნალი“ (The Wall Street Journal) აქვეყნებს.
„აშშ-ის ოფიციალური პირები მიიჩნევენ, რომ გერმანიაში ყოფილი ჩეჩენი მეამბოხის მკვლელობის უკან რუსეთი დგას, რაც აღვივებს შეშფოთებას, რომ მოსკოვი საზღვარგარეთ მყოფი სავარაუდო მტრების წინააღმდეგ კამპანიას აძლიერებს“, – ნათქვამია პუბლიკაციაში.
როგორც სტატიის ავტორი აცხადებს, ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც აშშ-ის მთავრობამ ამ მკვლელობასთან რუსეთი დააკავშირა. ჟურნალისტების ცნობით, დანაშაულის გამოძიებაში ამ ეტაპზე სამი ქვეყანა – გერმანია, პოლონეთი და საფრანგეთია ჩართული.
„აშშ-ს მიაჩნია, რომ ამ მკვლელობაზე პასუხისმგებელი რუსეთია“, – განაცხადა აშშ-ის ოფიციალურმა პირმა „ვოლ სტრიტ ჯორნალთან“ საუბარში.
ამერიკელი ჟურნალისტების თქმით, ხანგოშვილის მკვლელობასთან დაკავშირებით გერმანიის მთავრობა დუმს, რის გამოც ოპონენტები ხელისუფლების წევრებს მკაცრად აკრიტიკებენ და აცხადებენ, რომ ბერლინს რუსეთთან კონფრონტაციისგან თავის არიდება სურს.
„ვოლ სტრიტ ჯორნალმა“ ხანგოშვილის მკვლელობაზე კომენტარი ბერლინის პროკურატურას და საგარეო დაზვერვის სამსახურსაც სთხოვა, მაგრამ უარი მიიღო. თუმცა, როგორც სტატიის ავტორი ამტკიცებს, აღნიშნული საქმის გამოძიებაში საგარეო დაზვერვის სამსახური უკვე ჩაერთო.
მათივე წყაროს ინფორმაციით, ხანგოშვილის სავარაუდო მკვლელი, რომელიც დანაშაულის ადგილთან ახლოს დააკავეს, ნასამართლევია და მკვლელობისთვის იხდიდა სასჯელს. გათავისუფლების შემდეგ, მან მიიღო ყალბი რუსული პასპორტი, რაც აშშ-ის ოფიციალური პირების თქმით, მხოლოდ რუსეთის მთავრობის თანხმობით იყო შესაძლებელი.
„უოლ სტრიტ ჯორნალის“ ცნობით, მკვლელობაში ეჭვმიტანილი ჯერ პარიზში და შემდეგ ვარშავაში იმყოფებოდა, რის შემდეგაც ჩავიდა ბერლინში, სადაც მკვლელობა მოხდა. აშშ-ის ოფიციალური პირები ამბობენ, რომ ეჭვმიტანილმა ვარშავის სასტუმროში, ნაქირავებ ნომერში დატოვა ბარგი და ისე გაემგზავრა გერმანიაში.
„ეს კი აჩენს ეჭვს, რომ ის ბერლინში დაბრუნებას აპირებდა“, – აცხადებს პოლონეთის ხელისუფლება.
გავლენიანი ამერიკული გამოცემა წერს, 40 წლის საქართველოს მოქალაქის, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობა ერთ-ერთი უკანასკნელია იმ თავდასხმებს თუ მკვლელობებს შორის, რომელთა მსხვერპლი კრემლის ანტაგონისტები გახდნენ.
პუბლიკაციაში ნახსენებია სერგეი სკრიპალისა და მისი ქალიშვილის მკვლელობის მცდელობა, რის საპასუხოდაც დასავლეთის ქვეყნებმა 100 რუსი დიპლომატი გააძევეს.
პუბლიკაციაში ნათქვამია, რომ საზღვარგარეთ მკვლელობები ყველაზე ხშირად ფედერალური მთავრობის ან ჩეჩნეთის ლიდერ რამზან კადიროვის მიერ არის კოორდინირებული და მართული.
„არსებობს ეჭვი, რომ ხანგოშვილის მკვლელობა არა მოსკოვმა, არამედ ჩეჩნეთმა დაუკვეთა, თუმცა დანაშაული ორგანიზებული იყო რუსული სპეცსამსახურების დახმარებით“, – წერს „უოლ სტრიტ ჯორნალი“.
ამავე სტატიაში ნათქვამია, რომ ხანგოშვილი წლების განმავლობაში არაფორმალურად იყო დასაქმებული საქართველოს კონტრდაზვერვის სამსახურში და სპეციალიზებული იყო რუსეთზე.
გამოცემის ცნობით, საქართველოში ხანგოშვილს რამდენჯერმე დაესხნენ თავს, რის გამოც ის 2015 წელს ჯერ უკრაინაში, ხოლო შემდეგ გერმანიაში გაემგზავრა.
შეგახსენებთ, რომ ზელიმხან ხანგოშვილი 23 აგვისტოს ბერლინის ცენტრში მოკლეს. მას ორჯერ ესროლეს. პოლიციამ დამნაშავის დაკავება მალევე შეძლო. ის 49 წლის რუსეთის მოქალაქეა, რომლის იდენტიფიცირება ჯერ ოფიციალურად არ მომხდარა.