უნიკალურ ეგზოპლანეტაზე მრავალი მეტალი და წყლის კვალი აღმოაჩინეს
17:47, 05.06.2018
მკვლევართა საერთაშორისო ჯგუფმა მრავალი მეტალის კვალი აღმოაჩინა ეგზოპლანეტაზე, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე ნაკლებად მკვრივია ამ დრომდე ნაპოვნ უცხო პლანეტებს შორის.
კემბრიჯის უნივერსიტეტისა და კანარის ასტროფიზიკის უნივერსიტეტის ჯგუფი კანარის დიდი ტელესკოპით (GTC) დააკვირდა WASP-127b-ს. ეს გახლავთ გიგანტური გაზოვანი პლანეტა ნაწილობრივ სუფთა ცითა და ატმოსფეროში არსებულ ლითონთა ძლიერი კვალით.
WASP-127b-ის რადიუსი იუპიტერისას 1,4-ჯერ აღემატება, მაგრამ აქვს მისი მასის მხოლოდ 20%. ამ პლანეტას მზის სისტემაში ანალოგი არ აქვს და უიშვიათესია ამ დროისათვის აღმოჩენილ ათასობით ეგზოპლანეტას შორისაც კი. თავის დედავარსკვლავისთვის ერთ გარშემოვლას მხოლოდ ოთხ დღეს ანდომებს. ზედაპირის ტემპერატურა 1127° C-ია.
WASP-127b-ზე ჩატარებული დაკვირვებების შედეგად, მის ატმოსფეროში გამოვლინდა ტუტე ლითონების დიდი კონცენტრაცია. აღსანიშნავია, რომ პირველად ისტორიაში, ეგზოპლანეტაზე დაფიქსირდა ნატრიუმი, კალიუმი და ლითიუმი. ნატრიუმისა და კალიუმის შთანთქმა საკმაოდ ძლიერია, რაც შედარებით სუფთა ატმოსფეროსთვისაა დამახასიათებელი. მკვლევართა მოდელის მიხედვით, WASP-127b-ის ცა დაახლოებით 50%-ით მოწმენდილია.
„ამ პლანეტის განსაკუთრებულმა მახასიათებლებმა მისი ატმოსფეროს შემადგენლობის დეტალური კვლევის საშუალება მოგვცა. ლითიუმის არსებობა მნიშვნელოვანია პლანეტარული სისტემის ევოლუციის გასარკვევად, რამაც შესაძლოა, ასევე ნათელი მოჰფინოს პლანეტის წარმოქმნის მექანიზმს“, — ამბობს კვლევის ავტორი, დოქტორი გუო ჩენი.
ლითიუმით მდიდარია პლანეტის დედავარსკვლავი WASP-127-იც, რომელიც გიგანტების ასიმპტომურ შტოს მიეკუთვნება — არის ჩვენს მზეზე ათსობით კაშკაშა წითელი გიგანტი. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მისი სისტემის წარმომქმნელი მატერიის ღრუბელი გამდიდრებული უნდა ყოფილიყო სუპერნოვას აფეთქების ნარჩენებით.
მკვლევრებმა ასევე დააფიქსირეს წყლის შესაძლო კვალი. ასტრონომთა თქმით, ეს ფაქტი სტატისტიკურად მნიშვნელოვანი არ არის, რადგან წყლის მახასიათებლები ხილულ დიაპაზონში საკმაოდ სუსტია. თუმცა, როგორც მონაცემები მიუთითებს, მისი დაფიქსირება უნდა შესძლოს თითქმის ინფრაწითელ დიაპაზონში ჩატარებულმა დამატებითმა დაკვირვებებმა.
შედეგები ნათლად აჩვენებს მიწისპირა ტელესკოპების პოტენციალს პლანეტარული ატმოსფეროების შესასწავლად. მკვლევართა განცხადებით, პლანეტის ატმოსფეროში ისეთი ელემენტის აღმოჩენა, როგორიცაა ლითიუმი, მნიშვნელოვანი მიღწევაა და შემდგომი კვლევების მოტივაციას იძლევა.
მიწისპირა ტელესკოპებით ეგზოპლანეტათა ატმოსფეროების შესწავლის ხანა ასტრონომიაში მხოლოდ ახლა იწყება. კვლევის ავტორებს მიაჩნიათ, რომ ეს პროცესი კვლევის სამიზნეების შერჩევაში დაეხმარება მომავლის ისეთ ტელესკოპებს, როგორიცაა მაგალითად, ჰაბლის მემკვიდრე — ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპი, რომელსაც NASA 2020 წელს გაუშვებს.