უნგრეთის ევროპულ საქმეთა მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ საქართველოსა და უკრაინის საკითხი ერთმანეთისგან დამოუკიდებელია და საქართველომ კანდიდატის სტატუსი უნდა მიიღოს
უნგრეთის ევროპულ საქმეთა მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ საქართველოსა და უკრაინის საკითხი ერთმანეთისგან დამოუკიდებელია და საქართველომ კანდიდატის სტატუსი უნდა მიიღოს

უნგრეთის ევროპულ საქმეთა მინისტრის მოადგილის, ბარნა ჟიგმონდის განცხადებით, უნგრეთი საქართველოს ევროინტეგრაციის მომხრეა და მხარს უჭერს, საქართველომ მიიღოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი.

ამის შესახებ ბარნა ჟიგმონდმა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარესთან, ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„ჩვენ ყოველთვის ვუჭერდით მხარს საქართველოს და მომავალშიც დავუჭერთ. გვჯერა, რომ ეს იქნება გადაწყვეტილება, რომელიც საბოლოოდ აისახება საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაში. მიგვაჩნია, რომ გაფართოების პროცესი არ უნდა იყოს პოლიტიკური გადაწყვეტილება, თუ გავითვალისწინებთ, რომ საქართველო ასრულებს მოთხოვნებს და გვჯერა, ეს იქნება გადაწყვეტილება, რომელიც კანდიდატის სტატუსამდე მიგვიყვანს“, – განაცხადა უნგრეთის ევროპულ საქმეთა მინისტრის მოადგილემ.

ამასთან, როგორც მან აღნიშნა, უკრაინის საკითხი დამოუკიდებელი პროცესია.

„საქართველოს მაგალითის შემთხვევაში, ჩვენ ვხედავთ, რომ ეს საჭიროა. უკრაინის შემთხვევაში, ვხედავთ, რომ გვჭირდება ახალი სტრატეგია, რადგან ამ ქვეყანაში არის ომი და არ შეგვიძლია, შევიმუშაოთ სისტემა, რომელიც სრულად შეესაბამება ევროპულ სამართლებრივ სისტემას“, – განაცხადა ბარნა ჟიგმონდმა.

ბარნა ჟიგმონდი უნგრეთის მმართველი პარტიის, „ფიდესის“ ერთ-ერთი ლიდერია და საქართველოს დელეგაციის ბუდაპეშტში გამართულ შეხვედრებს ესწრებოდა.