უნებართვო გარევაჭრობაზე ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის გამკაცრება იგეგმება
უნებართვო გარევაჭრობაზე ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის გამკაცრება იგეგმება. შესაბამისი ცვლილებები „ადმინისტრაციულ სამართალდარვევათა კოდექსში“ შედის, რომელიც პარლამენტს მთავრობამ წარუდგინა.
მოქმედი კანონმდებლობით, გარე ვაჭრობა შესაბამისი ნებართვის გარეშე იწვევს ფიზიკური და იურიდიული პირის დაჯარიმებას 20-დან 50 ლარამდე ოდენობით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით. თუ იგივე ქმედება დაკავშირებულია შესაბამისი ორგანოს უფლებამოსილი პირის განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობასთან, იწვევს დაჯარიმებას 50-დან 100 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 7 დღემდე ვადით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით.
დღეს მოქმედი ეს რეგულაცია უცვლელი სახით რჩება, თუმცა ცვლილებებით დამატებით განისაზღვრება სანქციები აღნიშნული ქმედების განმეორებით ჩადენისთვის და ასევე აღნიშნული ქმედების სატრანსპორტო საშუალების, მასზე მისაბმელის ან ნებისმიერი სხვა მოძრავი საშუალების გამოყენებით ჩადენისთვის.
კერძოდ, ცვლილებებით, უნებართვოდ გარე აჭრობის განმეორების შემთხვევაში, ფიზიკური ან იურიდიული პირი დაჯარიმდებიან 100-დან 200 ლარამდე ოდენობით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით. აღნიშნული ქმედების ჩადენა სატრანსპორტო საშუალების, მასზე მისაბმელის ან ნებისმიერი სხვა მოძრავი საშუალების გამოყენებით კი გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის საგნის (შესაბამისი საქონლის) კონფისკაციით.
ამასთან, ეს უკანასკნელი ქმედება, რომელსაც თან ახლავს შესაბამისი ორგანოს ან უფლებამოსილი პირის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა, ითვალისწინებს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 7 დღემდე ვადით – სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით.