ზუგდიდის ბაზრის მიმდებარედ გარევაჭრობის აკრძალვის მოთხოვნით, მოვაჭრეები ზუგდიდის მერიასთან აქციას მართავენ
ზუგდიდის ბაზრის მიმდებარედ გარევაჭრობის აკრძალვის მოთხოვნით, მოვაჭრეები ზუგდიდის მერიასთან აქციას მართავენ

ზუგდიდში ცენტრალური ბაზარი დილიდან დაკეტილია. მოვაჭრეები აქციას მართავენ. ისინი ბაზრის მიმდებარედ გარევაჭრობის აკრძალვას ითხოვენ.

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ გარემოვაჭრეები სამუშაოდ ბაზარში არსებულ ფართებზე უნდა შევიდნენ. მათი მტკიცებით, მყიდველი შიდა ტერიტორიაზე სწორედ იმიტომ არ შედის, რომ სასურველ საქონელს ბაზრის მიმდებარედ ყიდულობს.

მოვაჭრეები მერიისგან აღნიშნული პრობლემის დროულ მოგვარებას და შესაბამისი ზომების გატარებას მოითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში ფართომასშტაბიან აქციებს აანონსებენ.

„საშინელი ანტისანიტარიაა ბაზრის გარშემო. შიგნით ბაზარში მყიდველი არ შემოდის, რადგან ყველი, ხორცი, პური იქვე ქუჩაში იყიდება, ყოველგვარი სანიტარული ნორმების დარღვევით. შემოიყვანონ ბაზარში გარემოვაჭრეებიც, გადაიხადონ მოსაკრებელი. მერია დაგვპირდა, აღდგომის შემდეგ მოაგვარებდნენ, მაგრამ ტყუილი აღმოჩნდა“, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, ნონა თოდუამ.

აქციის მონაწილეებს გზის გადაკეტვის მცდელობაც ჰქონდათ, თუმცა სამართალდამცავდბმა მათ ამის საშუალება არ მისცეს. ამ წუთებში აქციის მონაწილეები მერიასთან იმყოფებიან, სადაც ბაზრის ერთ-ერთი მენეჯერი მერიის წარმომადგენლებს ხვდება.

როგორც მერიაში განაცხადეს, მიმდინარეობს მუშაობა, რათა ორივე მხარის ინტერესი გათვალისწინებული იყოს.

„ვმუშაობთ, რომ მიღებული იქნეს ოპტიმალური გადაწყვეტილება და შეთავაზებული იყოს ალტერნატივა. ამ ეტაპზე სხვა დამატებით ინფორმაციას ვერაფერს გეტყვით“, – განაცხადეს მერიაში.