ზუგდიდში ბაზრის მოვაჭრეებმა მერიისგან გარევაჭრობის პრობლემის ერთ კვირაში მოგვარების პირობა მიიღეს
ზუგდიდში ბაზრის მოვაჭრეებმა მერიისგან გარევაჭრობის პრობლემის ერთ კვირაში მოგვარების პირობა მიიღეს

ზუგდიდის მერიასთან ბაზრის მოვაჭრეების აქცია დასრულდა. აქციის მონაწილეებს მერის მოადგილეები ბესიკ ჭეჟია და მაიზერ ნანავა შეხვდნენ და გარევაჭრობის პრობლემის ერთ კვირაში მოგვარების პირობა მისცეს.

ბაზრის მოვაჭრეები გარევაჭრობის აკრძალვას დღესვე ითხოვდნენ, თუმცა საბოლოოდ მერიისგან მიიღეს შეთავაზება, რომ პრობლემა ერთ კვირაში გადაიჭრება.

„ვერ ვენდობით მერიის დაპირებას, რომ ერთ კვირაში მოაგვარებენ. წლებია, გვპირდებიან. ეს კვირა ყოველდღე გავმართავთ აქციებს და გავაგრძელებთ იქამდე, ვიდრე პრობლემას არ მოგვიგვარებენ“, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, ია კვარაცხელიამ.

ამასთან, ზუგდიდის მერის მოადგილის, ბესიკ ჭეჟიას თქმით, ერთ დღეში ეს ვერ მოგვარდება, რადგან გარემოვაჭრეები, ძირითადად, სოციალურად დაუცველები არიან.

„ისინიც ჩვენი მოქალაქეები არიან. უნდა მოვუძებნოთ ფართები სამუშაოდ“, – განაცხადა მერის მოადგილემ.

ზუგდიდის ბაზრის მიმდებარედ გარევაჭრობის აკრძალვის მოთხოვნით, მოვაჭრეები მერიასთან აქციას დილიდან მართავდნენ. აქციის მონაწილეების განცხადებით, გარემოვაჭრეები სამუშაოდ ბაზარში არსებულ ფართებზე უნდა შევიდნენ, რადგან შიდა ტერიტორიაზე მყიდველი სწორედ იმიტომ არ შედის, რომ სასურველ საქონელს ბაზრის მიმდებარედ ყიდულობს.