უმსხვილესი ინდური კომპანია ცხვირში შესასხურებელი კოვიდვაქცინის ცდების საბოლოო ფაზას იწყებს — #1tvმეცნიერება
უმსხვილესი ინდური კომპანია ცხვირში შესასხურებელი კოვიდვაქცინის ცდების საბოლოო ფაზას იწყებს — #1tvმეცნიერება

ინდოეთის მრავალსაუკუნოვან ქალაქ ჰაიდარაბადის ერთ-ერთ გარეუბანში, გადატვირთული და ხმაურიანი ქუჩებისგან მოშორებით, კომპანია Bharat Biotech-ის თანამედროვე ლაბორატორიებში მთელი მსოფლიოსთვის ერთი უმნიშვნელოვანესი პროცესი მიმდინარეობს — მუშაობენ ვაქცინაზე, რომელსაც ცხვირში შევისხურებთ.

როგორც არაერთი კვლევა მიუთითებს, ამჟამად ხელმისაწვდომი ვაქცინები ხანგრძლივ, ძლიერ იმუნიტეტს წარმოქმნიან მძიმე დაავადების წინააღმდეგ. თუმცა, კორონავირუსით ინფიცირებისგან ისინი ყოველთვის ვერ გვიცავენ და ახალი შტამების გამოჩენის პარალელურად მათი ეფექტიანობაც მცირდება, რისთვისაც საჭირო ხდება რეგულარული ბუსტერდოზები.

ნაზალური, ანუ ცხვირში შესასხურებელი ვაქცინები შეიძლება საუკეთესო გზა იყოს ინფექციისგან დიდი ხნის განმავლობაში დასაცავად, რადგან ისინი თავდაცვას სწორედ იქ გვთავაზობენ, სადაც ვირუსის აცილებაა საჭირო: სასუნთქი გზების ლორწოვან გარსში, სადაც კორონავირუსი პირველად ხვდება და შემდეგ მთელ ორგანიზმში შედის.

Bharat Biotech-ი ვაქცინების ერთ-ერთი წამყვანი მწარმოებელია მსოფლიოში. მისი ყველაზე ცნობილი პროდუქტია Covaxin-ი, კოვიდვაქცინა, რომელიც ინდოეთსა და სხვა მრავალ ქვეყანაშია ავტორიზებული. თუმცა, მისმა ცხვირში შესასხურებელმა ვაქცინამ შეიძლება თამაშის წესები სრულად შეცვალოს.

ნაზალური ვაქცინით მთლიანი მოსახლეობის იმუნიზაცია გაცილებით სწრაფი იქნება, ვიდრე ინექციით, რაც ცოდნას და დროს მოითხოვს. ცხვირში შესასხურებელი ვაქცინა ბევრისთვის ალბათ უფრო მოსახერხებელი იქნება, ვიდრე ნემსის ჩხვლეტა; ამას გარდა, არ გაჩნდება ნემსების, შპრიცების და სხვა ინსტრუმენტების დეფიციტიც.

„ცხვირში შესასხურებელი ვაქცინების ადმინისტრირება ადვილია მასობრივი იმუნიზაციის კამპანიებში და ამცირებს გადადებასაც“, — ამბობს Bharat Biotech-ის ხელმძღვანელი კრიშნა ელა.

მსოფლიოში ამჟამად ცხვირში შესასხურებელ ათზე მეტ ვაქცინაზე მიმდინარეობს მუშაობა, ზოგიერთი მათგანი უკვე კლინიკური ცდების მე-3 ფაზაშია. თუმცა, Bharat Biotech-ის ვაქცინამ შეიძლება ყველას დაასწროს. იანვარში, კომპანიამ ინდოეთში კლინიკური ცდების მე-3 ფაზის დაწყების უფლება მიიღო; მას ბუსტერად გამოიყენებენ იმ ადამიანებში, ვინც კოვიდვაქცინით უკვე ორჯერ აცრილია.

ომიკრონ ვარიანტმა კარგად აჩვენა, სამი დოზის მიუხედავადაც კი, ინფექციის პრევენცია ხშირად შეუძლებელია; თუმცა, აშკარა გახდა ისიც, რომ ისინი დაავადების გამწვავებისგან ძლიერ ეფექტიანად გვიცავენ. ასე იმიტომ ხდება, რომ საინექციო ვაქცინები ანტისხეულებს სისხლში წარმოქმნიან და არა ცხვირში, საიდანაც ვირუსი ორგანიზმში შედის.

ე. წ. ლორწოვანი გარსის ვაქცინები ხანგრძლივი ანტისხეულებით იდეალურად ფარავს ცხვირის, პირისა და ყელის ლორწოვანი გარსის ზედაპირს და გაცილებით უკეთესი უნდა იყოს ინფექციისა და ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის. შედარებისთვის წარმოიდგინეთ ციხესიმაგრე, რომელშიც გუშაგები მტერს არ შეუშვებენ და ციხესიმაგრე, საიდანაც მეომრები უკვე შეჭრილი მტრის განდევნას ცდილობენ.

„ცხვირში შესასხურებელი ვაქცინები ადამიანიდან ადამიანზე გადადების რეალური პრევენციის ერთადერთი გზაა. მოწყვლადი ადამიანების გამოკეტვისა და დაუსრულებელი დაბუსტვის პირობებში მუდამ ვერ ვიცხოვრებთ“, — ამბობს ტორონტოს უნივერსიტეტის იმუნოლოგი ჯენიფერ გომერმანი.

ცხვირში შესასხურებელმა ვაქცინებმა ცდებში კორონავირუსისგან დაიცვა თაგვები, ქრცვინები, ზაზუნები და მაიმუნები. ახალმა კვლევამ მყარი მტკიცებულებები შემოგვთავაზა მისი, როგორც ბუსტერის სასარგებლოდ.

ცხვირში შესასხურებელმა ბუსტერმა გაააქტიურა იმუნური მეხსიერების უჯრედები და გამოიმუშავა ანტისხეულები ცხვირსა და ყელში, გააძლიერა ვაქცინის თავდაპირველი დოზებისგან მონიჭებული თავდაცვა. კვლევა სამეცნიერო ჟურნალში ჯერ არ გამოქვეყნებულა.

„ჩვენი მიდგომა არ არის, რომ ნაზალური ვაქცინა პირველადი ვაქცინაციის სახით გამოვიყენოთ, ის ბუსტერი იქნება, რადგან ასე შეგიძლია გააძლიერო უკვე წარმოქმნილი იმუნიტეტი“, — ამბობს კვლევის ავტორი, იელის უნივერსიტეტის იმუნოლოგი აკიკო ივასაკი.

როდესაც მან და მისმა კოლეგებმა ექსპერიმენტში ახალი კორონავირუსისა და მისი მონათესავე SARS ვირუსის ცილების ნაზავი გამოიყენეს, აღმოჩნდა, რომ ცხვირში შესასხურებელმა ვაქცინამ მოიგერია კორონავირუსების ფართო სპექტრი.

ამჟამინდელი კოვიდვაქცინები კუნთებში შეჰყავთ; ისინი იმუნურ უჯრედებს წვრთნიან, რომ მზად იყვნენ სხეულში ვირუსის შეჭრის შემთხვევაში. გამოიმუშავებენ IgG-ის სახელით ცნობილ ანტისხეულებს, რომლებიც სისხლში ცირკულირებენ და საჭიროების შემთხვევაში, ვირუსის წინააღმდეგ ირაზმებიან.

თუმცა, ამ ანტისხეულების ძალიან მცირე ნაწილი ხვდება ცხვირსა და ყელში. რომლებიც ხვდებიან, ისინიც მალე ქრებიან.

შედარებისათვის, ცხვირში შესასხურებელი ვაქცინები წარმოქმნიან ანტისხეულთა სპეციალურ კრებულს, სახელად IgA-ს, რომლებიც ცხვირისა და ყელის ლორწოვან გარსთა ზედაპირზე ბუდობენ. თანაც, ეს ანტისხეულები უფრო ნელა მიილევიან.

შესასხურებლით შეყვანილმა ვაქცინამ IgA ანტისხეულებით შეიძლება მთელი სასუნთქი გზა მოცვას, მათ შორის ფილტვები.

„არ გეგონოთ, რომ ასე მხოლოდ ცხვირის წევრი წვერი რჩება დაცული“, — ამბობს დოქტორი ივასაკი.

ძალიან ბევრი მტკიცებულება მიუთითებს, რომ IgA ანტისხეულები გადამწყვეტია ინფექციის პრევენციისთვის. ერთ-ერთ კვლევაში, დოქტორმა გომერმანმა და მისმა კოლეგებმა დაადგინეს, რომ ვაქცინის მეორე დოზის შემდეგ, ადამიანთა მხოლოდ 30 პროცენტს ჰქონდა დაფიქსირებადი ოდენობის IgA ანტისხეულები.

მათ, ვისაც მეორე დოზიდან ერთი თვის შემდეგ IgA ანტისხეულების დაბალი დონე გააჩნდათ, ინფიცირების, ანუ ე. წ. ინფექციის გაჟონვის უფრო მაღალი შანსი ჰქონდათ.

„ანტისხეულების ადგილმდებარეობას ნამდვილად აქვს მნიშვნელობა“, — ამბობს კვლევის ერთ-ერთი ავტორი, სტენფორდი უნივერსიტეტის იმუნოლოგი მიჩალ ტალი.

იმ ადამიანებს, ვისაც იმუნიტეტი ინფექციის გადატანით გამოუმუშავდათ და არა საინექციო ვაქცინით, უფრო ძლიერი ლორწოვანი გარსის იმუნიტეტი აქვთ, ყოველ შემთხვევაში, გარკვეული პერიოდის განმავლობაში. სწორედ ამით შეიძლება აიხსნას, რომ ასეთი იმუნიტეტი გაცილებით უკეთესად გამოიყურებოდა დელტა ვარიანტის წინააღმდეგ, ვიდრე ვაქცინების.

თუმცა, ის იქვე გვაფრთხილებს, რომ ლორწოვანი გარსის იმუნიტეტის გამომუშავების მიზნით ინფიცირება ძლიერ სახიფათოა.

„ამ სახის იმუნიტეტი ადამიანებმა მხოლოდ ცხვირში შესასხურებელი ვაქცინით უნდა მიიღონ“, — აღნიშნავს ტალი.

მისივე განცხადებით, საინექციო ვაქცინები სწორი მიდგომაა დაავადების გამწვავებისა და სიკვდილის პრევენციისთვის საჭირო სისტემური იმუნიტეტის გამოსამუშავებლად, რაც სასწრაფო მიზანი იყო პანდემიის დასაწყისში.

„სწორი პირველი ნაბიჯი იყო, მაგრამ დასაბუსტად უკვე გვჭირდება ცხვირში შესასხურებელი ვაქცინა“, — ამბობს იგი.

ცხვირში შესასხურებელი ვაქცინების შექმნა რთულია. ლორწოვანი გარსის ანტისხეულების დონის გაზომვა გაცილებით რთულია, ვიდრე სისხლში არსებულის. რაოდენობა ხშირად დაბალია და ძლიერ ცვალებადი. მაგალითად, გემრიელი კერძის სუნმა პირი შეიძლება ნერწყვით აავსოს და ლორწოვანი გარსის ანტისხეულები განაზავოს.

აშშ-ში რესპირატორული დაავადებების საწინააღმდეგო ერთადერთი ცხვირში შესასხურებელი ვაქცინაა დამტკიცებული, სახელად FluMist, რომელსაც პრობლემები აქვს. FluMist-ი დაფუძნებულია გრიპის შესუსტებულ ვირუსზე და შესაბამისად, კარგად მუშაობს იმ ბავშვებში, რომლებსაც გრიპის ვირუსი არასოდეს ჰქონიათ. ზრდასრულების უმეტესობაში, გრიპის წინააღმდეგ უკვე არსებული იმუნიტეტი ვაქცინით შესხურებულ შესუსტებულ ვირუსებს კლავს და ვაქცინაც არაეფექტიანი ხდება.

ვაქცინის გაძლიერება დამატებითი ინგრედიენტით, ე. წ. ადიუვანტით სცადეს, მაგრამ ამან ზოგიერთ ადამიანში ცხვირის ლორწოვანი გარსის ანთება და ბელის დამბლა გამოიწვია.

თუმცა, როგორც დოქტორი ივასაკი აღნიშნავს, ასეთი პრობლემები არ უნდა შეექმნას ვაქცინებს, რომლებიც ვირუსულ ცილას იყენებენ.

„ჩვენი მიდგომა ძლიერ განსხვავებულია. ვფიქრობ, მას ასეთი პრობლემები არ ექნება“, — ამბობს იგი.

მომზადებულია The New York Times-ის მიხედვით.