საპარლამენტო უმცირესობა დღის წესრიგიდან საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის ევა გოცირიძის საკითხის ამოღებას ითხოვს.
როგორც ბიუროს დღევანდელ სხდომაზე ოპოზიციონერმა დეპუტატმა სერგო რატიანმა განაცხადა, ევა გოცირიძის ფიგურა საკმაოდ წინააღმდეგობრივია და მნიშვნელოვანია, რომ საკითხის გადადება მოხდეს.
„ამ საკითხის დღის წესრიგიდან ამოღებას ვითხოვთ, რათა ფართო კონსულტაციები გვქონდეს“, – განაცხადა რატიანმა.
თავის მხრივ, პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა განმარტა, რომ იქედან გამომდინარე, რომ საკითხზე მსჯელობა საკომიტეტო ფორმატში უკვე გაიმართა, საკითხის გადადება ვერ მოხდება.
„გადადების აზრი რა არის, როცა კომიტეტზე მოსმენა მოხდა?“, – მიმართა რატიანს ჩუგოშვილმა.
ამასთან, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ ევა გოცირიძის კანდიდატურა დადებითად შეაფასა და აღნიშნა, რომ წარდგენილი კანდიდატურა წონიანი და ავტორიტეტული ადამიანია, რომელსაც საერთაშორისო დონეზე იცნობენ.
„მთავარი ამოცანაა, რომ ოპოზიციამ კონკრეტული კანდიდატის მიმართ თავის უარყოფით დამოკიდებულებას მიაქციოს ყურადღება. საზოგადოებას შეცდომაში ნუ შეიყვანთ“, – მიმართა ვოლსკიმ რატიანს.
პარლამენტს დღეს ვადა იწურება, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე აირჩიოს. საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის პოსტზე დამტკიცებისთვის ევა გოცირიძეს 76 დეპუტატის მხარდაჭერა დასჭირდება.