ევა გოცირიძე - არასწორია მოლოდინი, თითქოს რომელიმე პოლიტიკური ძალის ინტერესებს გავატარებ
ევა გოცირიძე - არასწორია მოლოდინი, თითქოს რომელიმე პოლიტიკური ძალის ინტერესებს გავატარებ

საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი ევა გოცირიძე საპარლამენტო ოპოზიციის მოსაზრებებს პასუხობს და აცხადებს, რომ აბსოლუტურად არასწორია მოლოდინი, თითქოს რომელიმე პოლიტიკური ძალის ინტერესებს გაატარებს ან ვინმეს დაქვემდებარებაში იქნება.

ოპოზიცია უმრავლესობის მიერ დასახელებულ კანდიდატს მხარს არ უჭერს და მმართველი პარტიისადმი მის სიმპათიებზე საუბრობს. გოცირიძე ამბობს, რომ
იგი დამოუკიდებელი ფიგურაა და დამოუკიდებლად გააგრძელებს მუშაობას საკონსტიტუციო სასამართლოში არჩევის შემთხვევაშიც.

,,მე ვიქნები დამოუკიდებელი. ეს ჩემი ღირსებისა და პროფესიული თავმოყვარეობის საკითხია. იმედი მაქვს, პარლამენტი დადებით გადაწყვეტილებას მიიღებს. თუ გადაწყვეტილება იქნება მიღებული,  საზოგადოებას ვპირდები, რომ მთელი ჩემი საქმიანობა კონსტიტუციური მართლწესრიგის სრულყოფილად დამკვიდრებასთან იქნება დაკავშირებული”, – განუცხადა პირველ არხს ევა გოცირიძემ.

რაც შეეხება შეკითხვას, რატომ დაიწუნა ის თავის დროზე სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამათლომ, გოცირიძე პასუხობს, რომ მთავარი მიზეზი ცილისწამება გახდა.

,,ჩემი კანდიდატურის დაწუნება უკავშირდებოდა იმ ცილისწამებებს, რომლებიც საკმაოდ მრავალრიცხვოვნად იყო წარდგენილი ზოგიერთი პოლიტიკური ძალის მიერ, ასევე სახალხო დამცველისა და ზოგიერთი არასამთავრობო სექტორის მიერ. ეს იყო რეალური მიზეზი და არა –  ჩემი კომპეტენტურობა. ვისაც ჩემს კომპეტენციაში ეჭვი ეპარება, წაიკითხოს ჩემი ბიოგრაფია, ჩემი წიგნები და ჩემი სამეცნიერო სტატიები”, – ამბობს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი.

შეკითხვაზე, უკვე არჩეული რომ ყოფილიყო მოსამართლედ, რა გადაწყვეტილებას მიიღებდა მარიხუანას დეკრიმინალიზაციასთან დაკავშირებით, ევა გოცირიძე ამბობს, რომ მხარს დაუჭერდა მარიხუანას დეკრიმინალიზაციას.

ევა გოცირიძის კანდიდატურას საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის პოსტზე პარლამენტმა კენჭი დღეს უნდა უყაროს.