უმაღლესი საგანმანათლებლო და სამედიცინო დაწესებულებების ტერიტორიებზე შესაძლოა, თამბაქოს მოხმარება დაუშვან
უმაღლესი საგანმანათლებლო, პროფესიული, სამედიცინო და ფარმაცევტული დაწესებულებების საკუთრებაში არსებულ ტერიტორიებზე თამბაქოს მოხმარებაზე დაწესებული შეზღუდვები შესაძლოა, მოიხსნას.
შესაბამისი ცვლილებები „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონში შედის, რომლის ინიციატორი პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტია.
კანონპროექტის განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ აღნიშნულ ტერიტორიებზე თამბაქოს მოწევა დასაშვები იქნება დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ სპეციალურად განსაზღვრულ ადგილებში, თუმცა ასეთი ადგილების რაოდენობა დაწესებულების ტერიტორიაზე არ უნდა აღემატებოდეს სამს, ხოლო თითოეული ადგილის ფართობი – 20 კვადრატულ მეტრს.
აღნიშნული კანონპროექტის ინიცირება ბიუროს ხვალინდელ სხდომაზე იგეგმება. საქართველოში თამბაქოს მოხმარებაზე შეზღუდვები მიმდინარე წლის პირველ მაისს ამოქმედდა.