უმაღლესი საბჭოს დეპუტატი „ნაციონალური მოძრაობიდან“ აცხადებს, რომ ოპოზიცია თორნიკე რიჟვაძეს მხარს არ დაუჭერს
ძალიან ცუდი სანახავი იყო შეშინებული პრეზიდენტის ხილვა, – ასე შეაფასა უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა „ნაციონალური მოძრაობიდან“ ასმათ დიასამიძემ პრეზიდენტის მიერ აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე თორნიკე რიჟვაძის დასახელება.
მისი განცხადებით, ოპოზიცია თორნიკე რიჟვაძეს მხარს არ დაუჭერს. მიიღებს თუ არა მონაწილეობას განხილვებში, ოპოზიციას ჯერ გადაწყვეტილი არ აქვს.
„სანამ კონსულტაციები დაიწყებოდა, ჩვენ მოლოდინი გვქონდა და ვთქვით კიდეც, რომ პრეზიდენტი ვერ გაბედავს, დაასახელოს საზოგადოებრივი აზრიდან წამოსული, მათ შორის ოპოზიციიდან მხარდაჭერილი კადრი. შეხვედრებისას მან დემოკრატიაზე ბევრი ისაუბრა და ერთგვარად მიგვანიშნა, რომ როგორ შეიძლებოდა ჩვენ არ გვყოლოდა კანდიდატი. ის არის მორჩილი და დამოკიდებული პრეზიდენტი, რომელმაც არ გაიგო საზოგადოების ხმა, თუმცა ბიძინა ივანიშვილის ხმა კარგად გაიგო“, – განაცხადა ასმათ დიასამიძემ.
საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატად თორნიკე რიჟვაძე დაასახელა.