უკრაინული მხარის ცნობით, გასული ღამის განმავლობაში ოდესის ოლქში კერძო შენობები, მიკოლაევში კი საპორტო ინფრასტრუქტურა დაიბომბა
გვიან ღამით, უკრაინის სამხრეთ ნაწილზე, შავი ზღვის სანაპიროს მიმართულებით სარაკეტო იერიში განხორციელდა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის „სამხრეთის“ ოპერატიული სარდლობა ავრცელებს. უკრაინული მხარის ინფორმაციით, ოდესის ოლქში დაიბომბა კერძო შენობები, მიკოლაევის ოლქში კი -საპორტო ინფრასტრუქტურა.
„უკრაინის სამხრეთზე განხორციელდა მასიური სარაკეტო დარტყმა, მათ შორის ავიაციის გამოყენებით, შავი ზღვის მიმართულებით. გაშვებულია საჰაერო ბაზირების რამდენიმე რაკეტა. ოდესის ოლქში რაკეტები სანაპიროზე მდებარე სოფლების კერძო შენობებს მოხვდა, რის შემდეგაც ცეცხლი გაჩნდა. ადგილზე მაშველები მუშაობენ. წინასწარი მონაცემებით, დაშავებულები არ არიან. მიკოლაევის ოლქში თავდასხმა საპორტო ინფრასტრუქტურაზე განხორციელდა“, – ნათქვამია „სამხრეთის“ ოპერატიული სარდლობის განცხადებაში.
არსებული ინფორმაციით, მიკოლევის ოლქზე სარაკეტო დარტყმა „ეს-300“-ის ტიპის საზენიტო-სარაკეტო სისტემიდან ოკუპირებული ხერსონიდან განხორციელდა.
მანამდე, ოდესის სამხედრო საოლქო ადმინისტრაციის პრესმდივანმა, სერგეი ბრატჩუკმა განაცხადა, რომ ოდესის ოლქზე სარაკეტო იერიში სტრატეგიული ავიაციის თვითმფრინავების გამოყენებით განხორციელდა.