უკრაინული მედიის ცნობით, უკრაინის თავდაცვის ძალებმა სოფელ კლეშჩეევკას გათავისუფლება დაადასტურეს
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დონეცკის ოლქში, ბახმუტის მიმართულებით, სოფელი კლეშჩეევკა გაათავისუფლეს. ინფორმაციას უკრაინული მედია აღმოსავლეთის ძალების ჯგუფის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
„შემიძლია, დავადასტურო, რომ ეს მოხდა მე-80 ცალკეული საჰაერო თავდასხმის ბრიგადის, მე-5 ცალკეული თავდასხმის ბრიგადისა და ეროვნული პოლიციის გაერთიანებული ბრიგადის, „ლიუტის“ ძალისხმევის წყალობით“, – განაცხადა აღმოსავლეთის ძალების ჯგუფის პრესსამსახურის უფროსმა, ილია ევლაშმა.
მედიის ცნობით, დეოკუპირებულ დასახლებაში გრძელდება ღონისძიებები სტაბილიზაციისთვის, ადგილზე განლაგებული არიან უკრაინული ძალები.
გარდა ამისა, როგორც „უკრაინსკაია პრავდა“ იუწყება, სოციალურ ქსელში გავრცელდა ოპერაციაში მონაწილე უკრაინის პოლიციის გაერთიანებული ბრიგადის წევრების ვიდეოც, რომლებიც დასახლების დაბრუნებას ადასტურებენ.
„დავასრულეთ დავალება – ჩვენ გავათავისუფლეთ დონეცკის რაიონის სოფელი კლეშჩეევკა ოკუპანტებისგან“, – ამბობენ ბრიგადის წევრები ვიდეოში.