უკრაინული მედიის ცნობით, რუსეთმა უკრაინის რეგიონები საკონტინენტთაშორისო და ფრთოსანი რაკეტებით დაბომბა
რუსეთმა უკრაინის რეგიონები საკონტინენტთაშორისო და ფრთოსანი რაკეტებით დაბომბა.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსეთის არმია ქალაქ დნეპროპეტროვსკს დაესხა თავს, კერძოდ, საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტა რუსეთის ფედერაციის ასტრახანის რეგიონიდან გაუშვეს.
გარდა ამისა, ქალაქის მიმართულებით ისროლეს ხ-47ემ2 „კინჟალის“ ტიპის აერობალისტიკური რაკეტა, რომელიც გაუშვეს „მიგ-31კა“-ს ტიპის ავიაგამანადგურებლიდან, ასევე შვიდი „ხ-101“ -ის ტიპის ფრთოსანი რაკეტა – „ტუ-95 ემეს“-ის ტიპის სტრატეგიული ბომბდამშენებიდან.
თავდასხმის სამიზნე იყო საწარმოები და კრიტიკული ინფრასტრუქტურა. ვრცელდება ინფორმაცია დნეპროპეტროვსკში ხანძრის ორი კერის გაჩენის შესახებ.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, საჰაერო ძალების საზენიტო-სარაკეტო ძალების ნაწილებმა გაანადგურეს ექვსი „ხ-101“-ის ტიპის რაკეტა.
რუსული თავდასხმის გამო კიევის, ოდესის, დნეპროპეტროვსკის, დონეცკის, ჩერნოვცის, ჟიტომირის, პოლტავისა და სუმის რეგიონებში ელექტროენერგიის საგანგებო შეწყვეტა გამოცხადდა.
უკრაინის საზღვაო ძალების მონაცემებით, ახლა შავ ზღვაში რუსეთის 24 ხომალდია, რომელთაგან ხუთი არის „კალიბრის“ ფრთოსანი რაკეტების მატარებელი.
ერთი დღით ადრე გამოცხადდა, რომ რუსეთი გამოიყენებდა RS-26 Rubezh-ის ტიპის საკონტინენტთაშორისო ბალისტიკურ რაკეტას, რომლის დიაპაზონმა, შეიძლება, მიაღწიოს 6 000 კილომეტრს, ხოლო ქობინის მასა 1 200 კილოგრამამდეა.