უკრაინული მედია ავრცელებს კრეისერ „მოსკოვის“ ფოტოებს, რომლებიც სარაკეტო დარტყმის შემდეგ, ხომალდის ჩაძირვამდეა გადაღებული
უკრაინული მედია კრეისერ „მოსკოვის“ ფოტოებს ავრცელებს, რომლებიც ხომალდის ჩაძირვამდეა გადაღებული.
როგორც მედია წერს, ფოტოები OSINTtechnical-ის გამომძიებელმა ჟურნალისტმა სოციალურ ქსელში გაავრცელა.
ჟურნალისტი აცხადებს, რომ ერთ-ერთი ფოტო იმ ხომალდიდანაა გადაღებული, რომელიც ადგილზე დასახმარებლად მივიდა. ფოტოზე ჩანს, რომ კრეისერი მარცხენა მხარეს იყო გადახრილი.
OSINTtechnical-ი მიიჩნევს, რომ კრეისერი ჩაძირვამდე შიგნიდან დაიწვა, რადგან ილუმინატორის მხარეს ძლიერი კვამლი შეინიშნებოდა.
13 აპრილს გავრცელდა ინფორმაცია, რომ შავი ზღვის უკრაინელმა დამცველებმა რუსულ კრეისერ „მოსკოვს“ რაკეტა „ნეპტუნი“ ესროლეს. უკრაინული მხარის ინფორმაციით, სარაკეტო იერიშის შედეგად, ხომალდი ჩაიძირა. მოგვიანებით, კრეისერის ჩაძირვა რუსულმა მხარემაც დაადასტურა, თუმცა რუსეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ ხომალდი შტორმის დროს, ბუქსირით გადაყვანისას ჩაიძირა.