უკრაინული მედია - ანდრეი ერმაკსა და დავით არახამიას ზაპოროჟიეში ჰუმანიტარული ტვირთის ქურდობასთან კავშირში ადანაშაულებენ, ზაპოროჟიეს ოლქის ხელმძღვანელობა ამ ინფორმაციას პოლიტიკურ დაკვეთას უწოდებს
უკრაინული მედიის ცნობით, ევგენი შევჩენკო, რომელიც საკუთარ თავს უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს „შტატგარეშე აგენტს“ უწოდებს, ამტკიცებს, რომ ზაპოროჟიეს ოლქში ჰუმანიტარული ტვირთის მასშტაბურ ქურდობასთან შეიძლება, დაკავშირებული იყვნენ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი და მმართველი პარტიის საპარლამენტო ფრაქციის ლიდერი დავით არახამია. უკრაინულ მედიაში გავრცელებული ცნობით, ამის შესახებ შევჩენკო საკუთარ ფეისბუქგვერდზე წერს. კერძოდ, ის ამტკიცებს, რომ დანაშაულებრივ სქემაში, ერმაკისა და არახამიას გარდა, ჩართულია უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილე კირილ ტიმოშენკო და არახამიას „მეგობარი და პარტნიორი“ ვემირ დავითიანი. ეს უკანასკნელი კი, შევჩენკოს ვერსიით, არის ჰუმანიტარული დახმარების ქურდობისა და გაყიდვის სქემის უშუალო ორგანიზატორი.
შევჩენკოს მტკიცებით, საქმეში მონაწილეობდნენ ზაპოროჟიეს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც, თუმცა ისინი მხოლოდ შემსრულებლები იყვნენ. ამასთან, შევჩენკო აცხადებს, რომ წინასასამართლო გამოძიების გამო, ის დეტალებს და ფაქტებს ვერ გაასაჯაროებს, თუმცა ამტკიცებს, რომ ერთ-ერთი მაღალჩინოსანი, რომელთანაც გამოძიების ფარგლებში ჩხრეკა ჩაატარეს, იყო ზაპოროჟიეს საოლქო ადმინისტრაციის თავმჯდომარის მოადგილე ზლატა ნეკრასოვა, რომელმაც ეს თანამდებობა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელ ერმაკთან და მის მოადგილე ტიმოშენკოსთან შეთანხმებით მიიღო, ხოლო მის დანიშვნას ლობირებდა დავიდ არახამია. ამასთან ერთად, შევჩენკო ამტკიცებს, რომ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილე კირილ ტიმოშენკოს მეუღლე ამჟამად ვენაში ცხოვრობს, სადაც მასთან ერთად ცხოვრობენ ზლატა ნეკრასოვას შვილი და ვემირ დავითიანის ოჯახის წევრებიც.
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილემ უპასუხა ევგენი შევჩენკოს „ფეისბუქზე“ გამოქვეყნებულ ჩანაწერს და ხაზგასმით თქვა, რომ ჰუმანიტარული დახმარების ქურდობისა და გაყიდვის შესახებ ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს, ხოლო მისი მეუღლე და ოჯახი უკრაინაში ცხოვრობენ. უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ვებგვერდზე გაჩნდა ცნობა, რომ უკრაინის უსაფრთხოების სამსახური და ეროვნული ანტიკორუფციული ბიურო იძიებენ ზაპოროჟიეს ოლქის მაღალჩინოსნების მიერ ჰუმანიტარული დახმარების შესაძლო უკანონო მითვისებას. მაშინ ამ უწყებების თანამშრომლებმა ჩაატარეს ჩხრეკა ზაპოროჟიეს საქალაქო საბჭოში, საოლქო ადმინისტრაციაში, საწყობებში და ეჭვმიტანილების სახლებში. ჩხრეკის დროს აღმოაჩინეს, ნარკოტიკული ნივთიერების მსგავსი ნივთიერება და გადაგზავნეს ექსპერტიზაზე, ასევე დაურეგისტრირებელი ცეცხლსასროლი იარაღი და დიდი რაოდენობით ნაღდი ფული. ამის შემდეგ შევჩენკო ამტკიცებდა, რომ თანამდებობის პირები ჰუმანიტარულ დახმარება იპარავდნენ და სავაჭრო ქსელ „სილპოსა“ და „ატებეში“ ყიდდნენ. მისივე მტკიცებით, ექვს თვეში მოპარული იყო 22 საზღვაო კონტეინერი, 389 სარკინიგზო ვაგონი და 220 სატვირთო ავტომობილი.
უკრაინული მედიის ცნობით, ზაპოროჟიეს ოლქში საქალაქო საბჭოს მდივანმა განაცხადა, რომ ჰუმანიტარული დახმარების ქურდობის შესახებ ინფორმაცია არის პოლიტიკური დაკვეთა, რაც ადგილობრივი ხელისუფლების დისკრედიტაციას ისახავს მიზნად. კორპორაცია „ატებეში“ და სავაჭრო ქსელ „სილპოში“ კი განაცხადეს, რომ მათთან ჰუმანიტარული დახმარება არ იყიდება.