აზერბაიჯანული და სომხური მედია ყარაბაღში ჰუმანიტარული ტვირთის ჩატანის შესახებ წერს
აზერბაიჯანული და სომხური მედია ყარაბაღში ჰუმანიტარული ტვირთის ჩატანის შესახებ წერს

აზერბაიჯანული მედიის ცნობით, რუსული წითელი ჯვრის საზოგადოების ჰუმანიტარული ტვირთი ყარაბაღში ჩავიდა.

როგორც აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რუსული წითელი ჯვრის საზოგადოების ჰუმანიტარული დახმარებით დატვირთული სატვირთო ავტომობილი, აზერბაიჯანის წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებასთან კოორდინაციით, ჩავიდა ყარაბაღში აღდამი-ხანკენდი (არაღიარებული ყარაბაღის დედაქალაქის აზერბაიჯანული სახელწოდება) გზის გავლით.

„ის ფაქტი, რომ ტვირთი ჩაიტანეს, სწორედაც რომ აღდამი-ხანკენდის გზით, ყარაბაღის რეგიონში მოქმედი სომხეთის თვითაღიარებული რეჟიმის პროვოკაციების მიუხედავად, შეფასებულია როგორც დადებითი და მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი, რომელიც მიმართულია ამ გზის გახსნისკენ“, – ნათქვამია სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

აზერბაიჯანის საგარეო უწყებაში ასევე აცხადებენ, რომ წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მეშვეობით, შეთანხმებულია აღდამი-ხანკენდისა და ლაჩინის გზების ერთდროული გამოყენების პირობებიც. თუმცა, ბაქოში ამბობენ, რომ „ამ შეთანხმების რეალიზაციას „სომხეთის მიერ ყარაბაღის რეგიონში შექმნილი რეჟიმი აფერხებს.“

„კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ აზერბაიჯანული მხარე მზადაა, შექმნას პირობები ტვირთების გადასაზიდად წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მეშვეობით, სასაზღვრო პუნქტ „ლაჩინის“ გავლით, სასაზღვრო და საბაჟო პროცედურების დაცვით, აღდამი-ხანკენდის გზის გამოყენების პარალელურად“, – აცხადებენ აზერბაიჯანის საგარეო უწყებაში.

ყარაბაღში ჰუმანიტარული ტვირთის ჩატანის შესახებ წერს სომხური მედიაც. მათი ინფორმაციით, ჰუმანიტარული ტვირთი რეგიონში ქალაქ ასკერანის გავლით ჩაიტანეს.

9 სექტემბერს სომხურმა მედიამ, არაღიარებული ყარაბაღის მთავრობაზე დაყრდნობით, გაავრცელა ცნობა, რომ ყარაბაღში, ქალაქ ასკერანზე გამავალი გზით, ასევე ე.წ. ლაჩინის დერეფნით, რუსული ჰუმანიტარული ტვირთის ჩატანის შესახებ აზერბაიჯანის ხელისუფლებასთან მიღწეულია შეთანხმება, რუსი სამხედროებისა და წითელი ჯვრის დახმარებით, ჰუმანიტარული ტვირთის გადაადგილების განახლების შესახებაც.

როგორც მედია წერს, ეს, ფაქტობრივად, ნიშნავდა, რომ არაღიარებული ყარაბაღის რეჟიმი, 20 წლის შემდეგ პირველად დათანხმდა, გაეტარებინა ჰუმანიტარული ტვირთი ბაქოს მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან. ამას მრავალი წელია, ითხოვდა აზერბაიჯანის ხელისუფლება.

თუმცა, მოგვიანებით, აზერბაიჯანის პრეზიდენტის მრჩეველმა, ჰიკმატ ჰაჯიევმა გზების გახსნასთან დაკავშირებული შეთანხმების შესახებ ინფორმაცია არ დაადასტურა. მისი თქმით, ე.წ. ლაჩინის დერეფნით ტვირთის გადაადგილება იქ აზერბაიჯანის მიერ მოწყობილი სასაზღვრო გამშვები და საბაჟო პუნქტის გავლით უნდა მოხდეს.