უკრაინის უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ ვლადიმირ სოლოვიოვის მკვლელობის არანაირი გეგმები არ აქვთ
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ კრემლის პროპაგანდისტის, ვლადიმირ სოლოვიოვის მკვლელობის არანაირი გეგმები არ აქვთ. აღნიშნულ ბრალდებებს უწყებაში რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის მორიგი „კრეატივი“ უწოდეს.
„უკრაინის უსაფრთხოების სამსახური სისტემურად მუშაობს ჩვენი სახელმწიფოს უსაფრთხოების გაძლიერებაზე და არ აპირებს სერიოზულად გააკეთოს კომენტარები ახალ ფანტაზიებზე რუსული სპეცსამსახურებისგან, რომლებიც რუსული აუდიტორიისთვის მორიგ მიღწევებს იგონებენ“, – აღნიშნეს უკრაინის უსაფრთხოების სამსახურში.
უწყების განცხადებით, სოლოვიოვი არის გებელსის რუსული ანალოგი და ის აუცილებლად აგებს პასუხს თავისი დანაშაულებისთვის საერთაშორისო სასამართლოებში.
„უკრაინის უსაფრთხოების სამსახურს ვ.სოლოვიოვის მკვლელობის არანაირი გეგმები არ აქვს“, – აღნიშნავენ უწყებაში.
რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურში განაცხადეს, რომ ნაციონალისტური დაჯგუფების წევრები, მათ შორის თავდასხმას გეგმავდნენ რუს ტელეწამყვან ვლადიმირ სოლოვიოვზე. რუსულ სპეცსამსახურებში ამტკიცებენ, რომ დამნაშავეთა ჯგუფს უკრაინული სპეცსამსახურები მართავდნენ.