უკრაინის უსაფრთხოების სამსახური კიევ-პეჩერის ლავრაში ჩხრეკის ოპერაციას ატარებს
უკრაინის უსაფრთხოების სამსახური კიევ-პეჩერის ლავრაში ჩხრეკის ოპერაციას ატარებს

უკრაინის უსაფრთხოების სამსახური კიევ-პეჩერის ლავრაში ჩხრეკის ოპერაციას ატარებს. ოპერაციაში ჩართული არიან ეროვნული გვარდიის წევრებიც. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

როგორც უკრაინის უსაფრთხოების სამსახურში განმარტავენ, აღნიშნული ღონისძიება მიმართულია რუსული სპეცსამსახურების უკრაინაში საქმიანობის წინააღმდეგ, რათა არ დაუშვან ლავრების „რუსული სამყაროს“ თავმოყრის ადგილად გამოყენება.

„რუსეთის შეიარაღებული აგრესიის გათვალისწინებით, იზრდება ტერორისტული აქტების, დივერსიების, მძევლების აყვანის რისკი, განსაკუთრებით, ხალხმრავალ ადგილებში“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ღონისძიების მიზანია, დაადგინოს, ხომ არ გამოიყენება უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის ნაგებობები დივერსიულ-სადაზვერვო ჯგუფების, უცხოელი მოქალაქეების იარაღის სამალავად. ასევე ოპერაცია მიმართულია პროვოკაციებისა და ტერორისტული აქტებისგან მოსახლეობის დაცვის უზრუნველსაყოფად.

მედიის ცნობით, სკანდალი კიევ-პეჩერის ლავრაში ერთ-ერთი მღვდლის, მიხაილ ომელიანის მიერ გავრცელებულ ვიდეოკადრებს უკავშირდება, სადაც პეჩერის ერთ-ერთ ლავრაში ადიდებდნენ რუსეთის ფედერაციას, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ ომს აწარმოებს. ამ ვიდეოს ავთენტურობა დაადასტურა უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის, მოსკოვის საპატრიარქოს მიტროპოლიტმა პავლე ლებედევმა, რომელიც კიევ-პეჩერის ლავრის წინამძღვარია.

შედეგად, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა გამოძიება სისხლის სამართლის მუხლით დაიწყო.