უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებულ ჩერნოვიცკისა და ბუკოვინსკის ეპარქიაში სასულიერო პირების პრორუსულ პროპაგანდასთან კავშირის ნიშნები აღმოაჩინეს
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებული უკრაინული მართლმადიდებელი ეკლესიის ჩერნოვიცკისა და ბუკოვინსკის ეპარქიაში ჩატარებული ჩხრეკისას, სასულიერო პირების პრორუსული პროპაგანდის წარმოებასთან კავშირის ნიშნები აღმოაჩინეს. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
მედიის ცნობით, საქმე სახელმწიფო ღალატის მუხლით არის აღძრული.
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, ეპარქიის ტერიტორიაზე ჩატარებული ჩხრეკის დროს აღმოჩენილია ეპარქიის ხელმძღვანელობის მოსკოველ კურატორებთან მიმოწერა, რომელიც შეიცავდა ლიტურგიის ჩატარების ინსტრუქციებს. ინსტრუქციების თანახმად, სასულიერო პირებს ევალებოდათ მრევლთან რუსეთის შეიარაღებული აგრესიის უარყოფა და მათ მოსკოვის ეკლესიის შევიწროებაზე უნდა ესაუბრათ.
უკრაინული სპეცსამსახურების ცნობით, აღმოჩენილია ასევე კრემლის მხარდაჭერილი ლიტერატურის საწყობები და უკრაინის წინააღმდეგ მებრძოლ პირთა დოკუმენტების ციფრული ასლები.
მიმდინარე კვირას უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა კიევის პეჩერის ლავრაშიც ჩაატარა ჩხრეკა.