უკრაინის უმაღლესმა ანტიკორუფციულმა სასამართლომ სპეციალური კავშირისა და ინფორმაციის დაცვის სახელმწიფო სამსახურის ყოფილ ხელმძღვანელ იური შიგოლს ორი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
უკრაინის უმაღლესმა ანტიკორუფციულმა სასამართლომ სპეციალური კავშირისა და ინფორმაციის დაცვის სახელმწიფო სამსახურის ყოფილ ხელმძღვანელს, იური შიგოლს ორი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. შიგოლს ასევე შეუძლია გირაოს გადახდა 25 მილიონი გრივნის ოდენობით.
კიბერუსაფრთხოების სფეროს მაღალჩინოსანი კორუფციის გამო 20 ნოემბერს თანამდებობიდან გაათავისუფლეს.
უკრაინის ეროვნულმა ანტიკორუფციულმა ბიურომ და სპეციალიზებულმა ანტიკორუფციულმა პროკურატურამ უწყების ხელმძღვანელობა, კერძოდ, შიგოლი და მისი მოადგილე 62 მილიონი გრივნის (დაახლოებით, 1,72 მილიონი დოლარი) ოდენობის სახელმწიფო სახსრების დაუფლებაში დაადანაშაულა.
გამოძიებამ დაადგინა, რომ 2020-2022 წლებში მსხვილი კომპანიების ერთ-ერთი მფლობელი სპეციალური კავშირისა და ინფორმაციის დაცვის სახელმწიფო სამსახურის ხელმძღვანელობას გაურიგდა და მათ აღჭურვილობისა და პროგრამული უზრუნველყოფის შესაძენად გამოყოფილი სახელმწიფო სახსრების დაუფლების სქემა შეიმუშავეს.
პროკურატურის ცნობით, ჩხრეკისას შიგოლს 82 ათასი ევრო და 72 ათასი დოლარი ნაღდი ფული იპოვეს. ასევე მას აღმოაჩნდა კრიპტოსაფულე 1,5 მილიონი დოლარით ანგარიშზე.