უკრაინის თეატრალური კონკურსის ნომინანტთა შორის ქართველი რეჟისორის ნამუშევარიც მოხვდა
უკრაინის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული თეატრალური კონკურსის – „წლის საუკეთესო თეატრალური ქმნილების“ ნომინანტთა შორის ქართველი რეჟისორის ნამუშევარიც მოხვდა. ინფორმაცია ამის შესახებ სოციალურ ქსელში ახმეტელის თეატრის გვერდზეა განთავსებული.
ახმეტელის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის, რეჟისორ ირაკლი გოგიას სპექტაკლი „ხანუმა“ წლის საუკეთესო სპექტაკლის ტიტულის მოსაპოვებლად იბრძოლებს. „ხანუმა“ საუკეთესო ნომინანტთა სამეულშია.
სპექტაკლი რეჟისორმა კიევის ოპერეტისა და მიუზიკლის თეატრში დადგა. დადგმის ქორეოგრაფი გია მარღანიაა, ხოლო კომპოზიტორი გია ყანჩელი.
ამასთან, წლის საუკეთესო სცენოგრაფის ტიტულის მოსაპოვებლად, ასევე სპექტაკლით „ხანუმა“ ახმეტელის თეატრის მხატვარი, მარიკა კვაჭაძე იბრძოლებს. ამავე სპექტაკლიდან არის წარდგენილი უკრაინელი მსახიობი ქალის როლის საუკეთესო შესრულებისთვის მსახიობი ანნა დობნაია.