უკრაინის თავდაცვის სამინისტროში არ ადასტურებენ მინისტრის განცხადებას, რომ საზღვარგარეთ მყოფი უკრაინელი მამაკაცების ჯარში გაწვევის საკითხი დღის წესრიგში დგას
უკრაინის თავდაცვის სამინისტრო მინისტრ რუსტემ უმაროვის განცხადებასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს. როგორც უწყებაში აღნიშნეს, დღის წესრიგში არ დგას საზღვარგარეთ მყოფი უკრაინელი მამაკაცების ჯარში გაწვევის საკითხი.
ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
„დღის წესრიგში არ არის საზღვარგარეთიდან გაწვევის განხილვა. თუ საზღვარგარეთ მყოფ უკრაინის მოქალაქეებს სურთ, შეუერთდნენ ჯარს, ისინი ჩამოდიან უკრაინაში და უერთდებიან“, – განაცხადა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის სამმართველოს უფროსმა, ილარიონ პავლიუკმა.
მანამდე გერმანულ გამოცემებში გამოქვეყნდა რუსტემ უმეროვის ინტერვიუ, რომელშიც ის ამბობს, რომ უკრაინის მთავრობა გეგმავს, ჯარში გაიწვიოს საზღვარგარეთ მყოფი უკრაინელი მამაკაცები. უწყების წარმომადგენლის განმარტებით, მინისტრი ზოგადად საუბრობდა რეკრუტინგისა და ქვეყნის გარეთ მყოფ უკრაინელებამდე იმის მიტანის აუცილებლობაზე, რამდენად მნიშვნელოვანია, რომ ისინი ჯარს შეუერთდნენ.
პავლიუკის განცხადებით, საზღვარგარეთიდან ჯარში გაწვევის მექანიზმების განხილვები დღის წესრიგში არ დგას.