უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პრორუსულმა ძალებმა აღმოსავლეთ უკრაინაში 27 დასახლებული პუნქტი დაბომბა
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა აღმოსავლეთ უკრაინაში 34-ჯერ დაარღვიეს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, მათ შორის 28-ჯერ მინსკის ხელშეკრულებებით აკრძალული იარაღის გამოყენებით. სამინისტროს ცნობით, დაიბომბა 27 დასახლებული პუნქტი, დაზიანებულია შენობები და კომუნალური ინფრასტრუქტურა, დაჭრილია ოთხი ადამიანი – ორი სამოქალაქო პირი და ორი უკრაინის გაერთიანებული ძალების სამხედრო. სამინისტროს ინფორმაციით, სამხედროების მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.
სამინისტროს ცნობით, რუსეთის სამხედრო ფორმირებებმა საარტილერიო იარაღის გამოყენებით დაბომბეს დასახლებული პუნქტი ვრუბივკა. როგორც უკრაინის თავდაცვის უწყებაში აცხადებენ, დაზიანებულია სკოლის შენობა, რომელშიც დაბომბვის დროს მოსწავლეები იმყოფებოდნენ. ასევე დაზიანდა გაზსადენი, რის გამოც მოსახლეობის ნაწილს არ მიეწოდება ბუნებრივი აირი.
ამასთან, სამინისტროს მონაცემებით, პრორუსულმა ძალებმა მძიმე საარტილერიო იარაღის გამოყენებით დაბომბეს დასახლებული პუნქტი სტანიცა ლუგანსკა, სადაც დაზიანდა საბავშვო ბაღის შენობა. დაშავებულია სამი ადამიანი.