უკრაინის თავდაცვის მინისტრი - რუსეთს უკრაინის საზღვართან 94 ათასზე მეტი სამხედრო ჰყავს მობილიზებული და შესაძლოა, ფართომასშტაბიანი სამხედრო შეტევა იანვრის ბოლოს დაიწყოს
რუსეთს უკრაინის საზღვართან 94 ათასზე მეტი სამხედრო ჰყავს მობილიზებული და შესაძლოა, ფართომასშტაბიანი სამხედრო შეტევა იანვრის ბოლოს დაიწყოს, – ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა რადაში სიტყვით გამოსვლისას დაზვერვის მიერ მოპოვებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით განაცხადა.
„ჩვენი დაზვერვა აანალიზებს ყველა სცენარს, მათ შორის ყველაზე ცუდს. ის აღნიშნავს, რომ რუსეთის მხრიდან არსებობს ფართომასშტაბური ესკალაციის ალბათობა. ესკალაციის მზადყოფნის ყველაზე სავარაუდო დრო იანვრის ბოლოა“, – განაცხადა რეზნიკოვმა.
თავდაცვის უწყების ხელმძღვანელის თქმით, უკრაინა არაფერს გააკეთებს სიტუაციის პროვოცირებისთვის, თუმცა მზად არის, რუსეთს პასუხი გასცეს, თუ ის თავდასხმას დაიწყებს. რეზნიკოვის განცხადებით, უკრაინა ქვეყნის სამხრეთში ორ საზღვაო სამხედრო ბაზას ააშენებს.
რუსული მხარე უკრაინის ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს.
„ეს არის სისულელე, არანაირი ესკალაცია არ არის. ჩვენ გვაქვს უფლება, გადავაადგილოთ სამხედრო დანაყოფები საკუთარ ტერიტორიაზე“, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ იური უშაკოვმა.