უკრაინის თავდაცვის მინისტრი - ბოლო მონაცემებით, რუსეთს უკრაინის საზღვრებთან 140 000 ჯარისკაცი ჰყავს განთავსებული
უკრაინის თავდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ უკრაინის საზღვრებთან 140 000 რუსი სამხედროა მობილიზებული. ალექსეი რეზნიკოვის თქმით, ბოლო მონაცემებით, რუსეთს უკრაინის საზღვრებთან 140 000 ჯარისკაცი ჰყავს განთავსებული, რაც აშშ-ის განცხადებებს ემთხვევა. მისი თქმით, 16 თებერვლის მონაცემებით, უკრაინის საზღვრებთან რუსეთის სახმელეთო ძალების 125 ათასი ჯარისკაცია განთავსებული და თუ ამას საზღვაო და საჰაერო ძალებს დავუმატებთ, დაახლოებით 140 ათასი სამხედრო გამოდის.
ამასთან, რეზნიკოვის განცხადებით, თავდაცვის სამინისტრო არ აფიქსირებს რუსეთის შეიარაღებული ძალების რეალურ გაყვანას. მისი თქმით, რუსეთს მცირე ქვედანაყოფები მართლაც გაჰყავს საზღვრებიდან, თუმცა მხოლოდ საჩვენებლად, ჯარების ტოტალურ ან თუნდაც მნიშვნელოვან გაყვანაზე საუბარი კი, როგორც უკრაინის თავდაცვის მინისტრი აღნიშნავს, შეუძლებელია.
„16 თებერვლის მდგომარეობით, თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ანგარიშის მიხედვით, სამწუხაროდ, ჩვენ ჯერ არ ვაფიქსირებთ ჯარების რეალურ გაყვანას, რასაც რუსეთის ფედერაცია აცხადებს“, -განაცხადა უკრაინის თავდაცვის მინისტრმა.