უკრაინის თავდაცვის მინისტრი არ გამორიცხავს, რომ რუსეთი უკრაინაში 2008 წლის ქართული სცენარის განხორციელებას გეგმავდეს
უკრაინის თავდაცვის მინისტრი ანდრეი ტარანი არ გამორიცხავს, რომ რუსეთი უკრაინაში 2008 წლის ქართული სცენარის განხორციელებას გეგმავდეს. ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა საფრანგეთის ელჩთან, ეტიენ დე პონსენთან შეხვედრაზე განაცხადა.
ანდრეი ტარანმა ფრანგ დიპლომატს დონბასში ვითარების გამწვავებისა და უკრაინის საზღვარზე, ასევე ოკუპირებულ ყირიმში რუსეთის სამხედრო ძალების რაოდენობის ზრდის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
„ჩვენ არ შეგვიძლია, სათანადოდ არ შევაფასოთ სიტუაცია და სავსებით ვაცნობიერებთ, რომ რუსეთს შეუძლია, უკრაინისთვის 2008 წლის ქართული სცენარის გამეორება დაგეგმოს. ამისთვის შესაძლოა, გამოყენებულ იქნას პროვოკაციები უკრაინის შეიარაღებული ძალების მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმაში დადანაშაულების კუთხით, მით უმეტეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსული პასპორტები უკვე 400 000-ზე მეტ ადამიანს დაურიგეს“, – განაცხადა ტარანმა.
უკრაინის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელის თქმით, რუსეთისთვის მძლავრი სიგნალი იქნებოდა უკრაინისთვის ნატო-ს წევრობის სამოქმედო გეგმის (MAP) მინიჭება და ამაში უკრაინას საფრანგეთის მხარდაჭერის იმედი აქვს.