უკრაინის თავდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ ნორვეგია უკრაინას დაპირებულ ექვს F-16-ის ტიპის ავიაგამანადგურებელს უახლოეს მომავალში გადასცემს
ნორვეგია უკრაინას დაპირებულ ექვს F-16-ის ტიპის ავიაგამანადგურებელს უახლოეს მომავალში გადასცემს. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, რუსტემ უმეროვმა ნორვეგიის თავდაცვის მინისტრთან, ბიორნ არილდ გრამთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
ავიაგამანადგურებლების უკრაინისათვის გადაცემის ზუსტი ვადები უმეროვს არ დაუსახელებია.
„განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საავიაციო კომპონენტზე. კერძოდ, F-16-ის ტიპის გამანადგურებლებით ჩვენი შესაძლებლობების გაზრდაზე. ნორვეგია გააგრძელებს ჩვენს მხარდაჭერას და უახლოეს მომავალში უკრაინას ექვს თვითმფრინავს გადასცემს“, – განაცხადა უკრაინის თავდაცვის მინისტრმა.
პირველი F-16-ები უკრაინამ ივლისში მიიღო. მათი ზუსტი რაოდენობა ოფიციალურად არ დასახელებულა, პრესა ექვს ან ათ თვითმფრინავზე წერდა. მოგვიანებით, შემოდგომაზე ამერიკული წარმოების თვითმფრინავების გადაცემა დაადასტურა ნიდერლანდებმა. სულ უკრაინას დაახლოებით 80 F-16-ის გადაცემას დაჰპირდნენ, თუმცა, როგორც ცნობილია, მათ უმეტესობას უკრაინელი სამხედროები მომავალ წლამდე ვერ მიიღებენ.