უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი - რუსეთის მთავარი ამოცანაა კიევის ალყაში მოქცევა, წინააღმდეგობის შესუსტება და დასახლებული პუნქტების ბლოკირება
რუსეთის მთავარი ამოცანაა კიევის ალყაში მოქცევა, წინააღმდეგობის შესუსტება და დასახლებული პუნქტების ბლოკირება, – უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი, – ამის შესახებ აღნიშნულია უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის განცხადებაში.
გენერალური შტაბის განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსეთმა ამოწურა ოპერატიული რეზერვების ძირითადი ნაწილი და დაიწყო მზადება უკრაინაში დამატებითი ძალების გასაგზავნად.
ამასთან, როგორც განცხადებაშია აღნიშნული, უკრაინის შეიარაღებულ ძალებში არ გამორიცხავენ, რომ რუსმა სამხედროებმა მოაწყონ პროვოკაციები, რათა ომში ჩაითრიონ ბელარუსის შეიარაღებული ძალებიც.
უკრაინელი სამხედროების თქმით, პოლესკის მიმართულებით რუსები ახორციელებენ შეტევას. ამასთან, რუსმა სამხედროებმა უკან დაიხიეს ჰოსტომელის აეროდრომიდან და ბუჩიდან.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბში აცხადებენ, რომ რუსები შეტევით ოპერაციას ატარებენ სევერსკის მიმართულებითაც და ძალისხმევა მიმართულია კიევისკენ. ამასთან, ხდება ძალების გადაჯგუფება და შეტევა გრძელდება ბროვარის მიმართულებით.
მათივე ცნობით, დონეცკის მიმართულებით რუსების შეიარაღებული დაჯგუფებები აგრძელებენ შეტევას ნოვოაიდარის, ვოლნოვახას და მარიუპოლის მიმართულებით. მარიუპოლი მოქცეულია ალყაში; ლუგანსკის მიმართულებით ბრძოლა გრძელდება სტარობელსკის მიმართულებით; ასევე, გრძელდება შეტევა ზაპოროჟიეს მიმართულებით და დაფიქსირებულია რუსი სადესანტო ძალების ჩართვა ნიკოლაევის მიმართულებით მიმდინარე ბრძოლაში.
გარდა ამისა, აღსანიშნავია დიდი რაოდენობით ტექნიკისა და მანქანების გადაადგილება დროებით ოკუპირებული ყირიმიდან. როგორც უკრაინელი სამხედროები ამტკიცებენ, რუსეთს ყირიმიდან პატიმრები ჩამოჰყავს, რათა ნიკოლაევის ოლქში არეულობა მოაწყოს.
უკრაინის შეიარაღებული ძალების ცნობით, შავ ზღვაში ასევე მობილიზებულია რუსული გემები. მიმდინარეობს მზადება დესანტის გადასასხმელად.